თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, გამოთქვა იმედი და სურვილი, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის სასარგებლოდ დასრულდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ერდოღანმა თქვა, რომ მას და ირაკლი კობახიძეს, როგორც მეზობლებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, ნაყოფიერი საუბარი ჰქონდათ.
„მე მას დავუდასტურე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიმართ. ასევე, ხაზი გავუსვი, რომ გავაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციის ძალისხმევის მხარდაჭერას. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გამიზიარა თავისი შეხედულებები და მოსაზრებები საქართველოში შიდა პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. ჩვენ, როგორც თურქეთი, ვიმედოვნებთ და ვისურვებთ, რომ მოვლენები ქართველი ხალხის სასარგებლოდ დასრულდება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში მოიწვია. როგორც მან თქვა, ის არის არა მხოლოდ თურქეთის პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთის და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. „თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს უკან გაწვეული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში ხელახლა დააინიცირა და 14 მაისს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.
ძალაში შესვლის შემთხვევაში, ეს კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. პრეზიდენტი აპირებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს ვეტო დაადოს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, „ვეტო იქნება იურიდიულად და ტექნიკურად გამართული“, ამავდროულად, ვეტო „არ იქნება კანონის გაკეთილშობილების რამე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპრტამენტის შეფასებით, რუსული კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. კანონს აკრიტიკებს ევროკავშირიც. გავლენიანმა ევროპარლამენტარებმა შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდეს, გადაიხედოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოსთვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის საკითხი.