ვინ უფრო მეტს მოიზიდავს ლიზა ქისტაურის მკვლელობაზე არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებით

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტოკადრი ტვ პირველის საინფორმაციო გამოშვებიდან

5 იანვარს, ტვ პირველმა, ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებაში, 20:40 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური მოკლეს“. დაუდასტურებელი ინფორმაცია რამდენიმე წუთში დააკოპირეს სატელევიზიო არხებმა და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა. სოციალურ ქსელებში ბევრი დისკრიმინაციული კომენტარი დაიწერა, მომხმარებლების ნაწილი კი, მათ შორის, საჯარო პირები სამძიმარს ისე გამოთქვამდნენ, ეჭვი არ შეუტანიათ ინფორმაციის სიზუსტეში, მიუხედავად თვალსაჩინოებისა, რომ ფაქტები გადამოწმებული არ იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, შეყვარებულმა გაიმეტა. ირკვევა, რომ 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი პარტნიორი გაუჩინარდნენ ისე, რომ მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. დედას კი, რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს. ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება“, - საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ეკო მაღრაძემ ადამიანი მოკლულად ისე გამოაცხადა, საერთოდ არ ჩანს ფაქტების გადამოწმების მცდელობაც კი.

წამყვანი იყენებს სიტყვებს - გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ირკვევა, ოღონდ არ უთითებს, სად გავრცელდა ეს ინფორმაცია; ვინ ვარაუდობს, რომ შეყვარებულმა გაიმეტა; რას ეყრდნობა ეს ვარაუდი; საიდან ირკვევა ის (ლიზა ქისტაურისა და მისი პარტნიორის გაუჩინარება), რაც ჟურნალისტმა ფაქტად მოგვაწოდა და ა.შ.

წამყვანმა საზოგადოებას მტკიცებით ფორმაში აცნობა, რომ ტრანსგენდერი ქალი ნაწამები იყო, ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება და რომ ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს დედას, რომელიც დროებით საქართველოში ყოფილა ჩამოსული. ამით, ჟურნალისტმა დაძაბულობა კიდევ უფრო გააძლიერა.

ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებული მასალიდან არ ჩანს, რომ მედიასაშუალება ეცადა დაკავშირებოდა მოკლულად გამოცხადებული ტრანსგენდერი ქალის დედას ან ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, რომელსაც ბელგიის სამეფოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის, გარდაცვალების ან დაკავების თაობაზე ბელგიის პოლიციამ აუცილებლად უნდა აცნობოს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, მიიჩნევა სულ მცირე ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა - ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. „წყარო დადასტურებულია“ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჟურნალისტმა იცის ვინ არის ამა თუ იმ ფაქტის წყარო - თუმცა, შეუძლია, მისი ვინაობა არ გაამხილოს.

ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ, მტკიცებით ფორმაში ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც (ვებგვერდი) და კიდევ არაერთმა საინფორმაციო საშუალებამ. მოგვიანებით, რადიო „თავისუფლებასთან“ ლიზა ქისტაურის დედამ თქვა, რომ ის არ ადასტურებს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას:

„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“, ციტირებს რადიო თავისუფლება იზა არღვლიანის კომენტარს.

„ტვ პირველმა“, „რუსთავი 2“-მა და სხვა მედიასაშულებებმა დაუზუსტებელი ინფორმაცია შეცვალეს, ოღონდ რამდენიმე მედიამ პროფესიული სტანდარტები აქაც დაარღვია (ქარტიის მე-5 პრინციპი), საერთოდ არ აღნიშნეს, რომ ინფორმაცია შეასწორეს - ტექსტები ისე შეცვალეს, უკვე დაშვებული მძიმე შეცდომის შესახებ არაფერი თქვეს. „ინტერნპრესნიუსმა“, „კვირის პალიტრამ“, „პალიტრავიდეომ“, „მთავარმა არხმა“, TV 25-მა, გურია TV-მ ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია საერთოდ წაშალეს. ბმულები გუგლის საძიებო სისტემაში იძებნება, თუმცა შესწორება არ არის. ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებას არაზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ შეუსწორებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „თრიალეთის“ ვებგვერდებზე ამ დრომდე განთავსებულია, რომ „ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური მოკლეს. ის, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა“. როცა საქმე ადამიანის გარდაცვალებას, მითუფრო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს -  მკვლელობას ეხება და ეს ინფორმაცია არც მისი ოჯახის წევრის, არც პოლიციის, არც სამედიცინო დაწესებულების, არც საელჩოს ან სხვა სანდო წყაროების მიერ დადასტურებული არ არის, გაუმართლებელია მისი გავრცელება ამ ფორმითაც (საელჩოს კომენტარის მოშველიებით), როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტვ „თრიალეთს“ აქვთ. ეს ისეთივე უპატივცემულობაა საზოგადოების მიმართ (ქარტიის 1-ელი პრინციპის დარღვევა), როგორც ზემოთ აღწერილ შემთხვევებში.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, უბედური შემთხვევების, ტრაგედიების, ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას.

ადამიანის გარდაცვალებას ოჯახის წევრები მედიიდან არ უნდა იგებდნენ!

მედიასაშუალებები ასეთ მძიმე შეცდომებს საზოგადოებისადმი ნაკლები პატივისცემის გამო, ოპერატიულობის - პირველობის საჩვენებლად, მეტი აუდიტორიის მოზიდვის გამო უშვებენ, ვებგვერდებსა თუ სოციალურ ქსელებში აგროვებენ მეტ მკითხველს, ათასობით გაზიარებასა და კომენტარს, რითიც პერიოდულად ამაყობენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან.

6 იანვრის, 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელგიის პოლიცია არ ადასტურებს ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს.

 

ამ თემაზე:

ბელგიის პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალება დაადასტურა

გელა მთივლიშვილი
გელა მთივლიშვილი
„საქართველოს ამბების“ რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: Mtivlishvili@gmail.com