რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რუსეთის მხარეს ავტომობილების სულ მცირე 12 კილომეტრიანი რიგია. რუსეთის მოქალაქეების თქმით, საზღვრის გადმოკვეთამდე საცობში 36 საათიც კი დგანან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 25 სექტემბრის დილის 6 საათის მონაცემებით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის წინ 2500 მსუბუქი ავტომობილი იდგა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მიმართულებით 1771 ავტომობილი გაატარეს.
„ზემო ლარსი“ - ასე ჰქვია Telegram-ის ჩატს, სადაც საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეები წერენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ჩატის წევრების რაოდენობამ ბოლო დღეებში 104 ათასს გადააჭარბა და მუდმივად იზრდება.
„ჩემმა ქმარმა, მეგობართან ერთად, ნახევარი საათის წინ გაიარა რუსეთის საზღვარი. საცობში 36 საათი იდგა. მისთვის არაფერი უკითხავთ, მეგობარს კი ჰკითხეს, საიდან მიდიოდა. მათი ასაკი 27 და 31 წელია. ჯარში არ უმსახურიათ, არ მიუღიათ გაწვევაც“;
„გადასასვლელამდე 12 კილომეტრში ვდგავართ. საერთოდ არ ვინძრევით“;
„უკვე 26 საათია საცობში ვართ. საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე რუსეთის მხრიდან 2 კილომეტრი დარჩა. დილის 8:30 საათიდან საერთოდ არ არის მოძრაობა“, - წერენ ჩატის წევრები.
ზემო ლარსისკენ მომავალი მგზავრები ამბობენ, რომ ვლადიკავკაზში სასტუმროები გადავსებულია და ღამის გასათევი ადგილის შოვნა ჭირს.
რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე საქართველოში მოხვედრის სქემას ასე აღწერს: „როგორმე ვლადიკავკაზამდე ჩადით, დაიქირავეთ ტაქსი, რომელიც საზღვრამდე მიგიყვანთ. თუ ჩემოდნები გაქვთ, მოიფიქრეთ, როგორ ატარებთ. თუ სკუტერი დაგჭირდებათ, წინასწარ იყიდეთ მაღაზიაში. ტაქსის მძღოლი რიგებამდე მიგიყვანთ, გადმოხვალთ და საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე მთელ საცობს გვერდს აუვლით [სკუტერით]. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ბევრი თავისუფალი მანქანაა, ვიღაცას მოელაპარაკებით და გზას გააგრძლებთ. რუსეთის ფედერაციის საზღვარზე, საბაჟოზე ორი ფანჯარაა, ორი ადამიანია, ხარახურაში არიან ჩაფლული, ხომ წარმოგიდგენიათ როგორი ნაკადი მიდის. დიდი ხანი არაფერს ამოწმებენ. გადარბენით რაღაცას გკითხავენ და გიშვებენ“.
„რა თქმა უნდა, დიდი რიგია, მაგრამ ამის მიზეზი ყველამ ვიცით. უკან ძალიან ცოტას, თითქმის არავის აბრუნებენ. ქართველი მესაზღვრეები კორექტულები არიან. უსაზღვროდ მადლიერი ვარ საქართველოსი და მისი ხალხის, რომ უსაფრთხოდ ყოფნის საშუალებას გვაძლევენ იმის მიუხედავად, რომ იმ ქვეყნიდან ვარ, რომელსაც მისი ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. იმედი მაქვს, უკრაინის გამარჯვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას შევძლებ. მანამდე მინდა თბილისში მოხალისედ ვიმუშავო, ლტოლვილებს დავეხმარო“, – წერს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე.
არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, რომ საქართველოდან თურქეთში ან სომხეთში გადასვლა აქვთ დაგეგმილი.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე წარმოქმნილი საცობის შესახებ იუწყება BBC-ის რუსული სამსახურიც. მათი კორესპონდენტის ინფორმაციით, ზემო ლარსთან ავტომობილების დაახლოებით 10-კილომეტრიანი რიგია გაჭიმული, მოძრაობა ძალიან ნელია და ზოგიერთი ადამიანი საზღვრის გადაკვეთას 20 საათზე მეტია ელოდება.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ხალხის ნაკადი გაზრდილია რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. BBC-ის ცნობით, ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესული რუსების რაოდენობა გასულ კვირაში სულ მცირე ორჯერ გაიზარდა. პოლონეთის, ლატვიის ლიეტუვისა და ესტონეთის შემდეგ, რუსი ტურისტებისთვის საზღვრების ჩაკეტვას ფინეთის მთავრობაც აპირებს. ამ დრომდე, შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში მოსახვედრად ფინეთს სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ფრონტზე გასაგზავნად მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადა. პუტინის დაპირების მიხედვით, გაწვევას დაექვემდებარებიან „პირველ რიგში, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“. სინამდვილეში, სამხედრო კომისარიატები მამაკაცებს განურჩევლად იწვევენ. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მტკიცებით, ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 ათასი მოქალაქის გაწვევა იგეგმება, თუმცა, როგორც დამოუკიდებელი მედია წერს, კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პუტინის განკარგულება შეიცავს დახურულ პუნქტს, სადაც დაახლოებით მილიონი ადამიანის გაწვევაზეა საუბარი. კრემლი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.