ზურაბ ჯაფარიძე: მეორედ ჩამისაფრდნენ, ჰაერში ვისროლე და გაიქცნენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც „გირჩი TV“-ს ოფისთან, ავტომობილით ჩასაფრებული ნიღბიანებიდან ერთ-ერთი მისკენ გაექანა. ჯაფარიძის თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩაუსაფრდნენ - უცნობი პირები მას წუხელ საცხოვრებელ სახლთანაც დახვდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გამოვედი „გირჩი ტვ“-დან, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ. გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას. ჰაერში ვისროლე და დავემუქრე. პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა. ეს „მერსედესი“ ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში. ბევრი მოწმე იყო“, - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

პარტიის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, რომელშიც 3-4 ადამიანი იჯდა, გერმანული ნომრები ჰქონდა.

ორი დღის წინ, ღამით, უცნობი პირები ზურაბ ჯაფარიძის ძმას, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორსა და „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარს, გია ჯაფარიძეს დაესხნენ  თავს. ძმები აქტიურად არიან ჩართულები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. გუშინ, 9 მაისს კი, საკუთარ სააცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ  „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრს, ბორის ჩელე ყურუას.

სატელევიზიო კომენტარის დროს ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თავდასხმას ისიც მოელის, თუმცა, მის შემთხვევაში „ცოტა გაუჭირდებათ“, რადგან იარაღის ტარების უფლება აქვს. ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ რეგიონულმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძეს საჯაროდ მიმართა და დაემუქრა:

„ვინც შენ რამე გაპატიოს ან დაგითმოს ის იყოს უკანასკნელი კაცი! გუშინ უბლატავია, იარაღით დავდივარო. მეც იარაღით დავდივარ, როდესაც შენთან მოვალ, გთხოვ მესროლე, საბაბი რომ მქონდეს და საპასუხო ცეცხლი გაგიხსნა! ღორივით დაგაგდო… შენ გინდა ბიჭო შვილი რომ მომიკლა? შენს სისხლს დავლევ! შენ თუ შენი ქუდის მეპატრონეებმა გიშველონ ან გაგვასწრო, მე ვიყო ნაცი!“, - დაწერა სამხარაძემ Facebook-ზე, თუმცა ამ დროისთვის ეს პოსტი აღარ იძებნება.

3-9 მაისს ასევე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტია „ახალის“ წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - გიორგი მუმლაძესა და დიმიტრი ჩიქოვანს, მუსიკოს გიო შენგელიას, პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს. სიძულვილის კამპანიის სამიზნეები არიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. უცნობი პირები მათ საცხოვრებელ სახლებთან და ოფისებთან შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახავ, მუქარის შემცველ და ძალადობის წამახალისებელ პლაკატებს აკრავენ, აზიანებენ მათ მანქანებსაც. 10 მაისს გამთენიისას უცნობი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს ჩაუსაფრდნენ „ტვ პირველის“ შენობასთან. პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ გამოცხადდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).