ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 1-ელ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2023 წლის თებერვალში ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის - „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის დეპუტატის მანდატი და პარტია დატოვა. ხოჯევანიშვილი გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და საკუთარი პარტია დააფუძნა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და კიდევ ხუთმა პარლამენტარმა „ქართული ოცნება“ დატოვეს და გახარიას პარტიას შეუერთდნენ.
რაც შეეხება გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებს, 2021 წლის 2 ოქტომბერს არჩეული მერი ზურაბ უტიაშვილი თანამდებობიდან მიმდინარე 2023 ივნისში გადადგა. როგორც უტიაშვილმა განმარტა, ჯანდაცვის სფეროში დაბრუნება და იქ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მუშაობის გაგრძელება ჰქონდა გადაწყვეტილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ცესკოს ექნება შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოსცადოს ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში.
შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
