2 ივნისს დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების სასამართლო პროცესები გადაიდო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ედუარდ მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე 2 ივნისის აქციზე, დაკავებამდე / მარიამ ნიკურაძის ფოტო

საქართველოს პარლამენტის შენობასთან 2 ივნისს დაკავებული უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების - ედუარდ მარიკაშვილის, საბა ბრაჭველისა და ნიკა რომანაძის საქმეები თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს უნდა განეხილა, თუმცა სხდომები გადაიდო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საბა ბრაჭველის პროცესი 16 ივნისს ჩაინიშნა, ნიკა რომანაძის - 27 ივნისს, ხოლო ედუარდ მარიკაშვილის - 28 ივნისს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამივეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

„მოტანილი გვქონდა მტკიცებულებები და მზად ვიყავით მოწმეების, მათ შორის, პოლიციელების დასაკითხად, თუმცა სასამართლომ გამოგვიცხადა, რომ პროცესი უკვე გადადებული იყო. ჩვენ ისევ მოვალთ და დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს. მედავებიან, რომ ვიგინებოდი და არ დავემორჩილე პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. რასაკვირველია, გინება არცერთ ვიდეოში არ ჩანს, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მოთხოვნა არ ყოფილა კანონიერი, იმიტომ, რომ მქონდა აბსოლუტური უფლება, რუსთაველის გამზირზე თაბახის ფურცელი მჭეროდა ხელში. შესაბამისად, ესეც აბსურდული ბრალდებაა“, - განაცხადა ბრაჭველმა.

საქმეებს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი განიხილავს, რომელმაც მარტში, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები - ზურაბ ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევებად ცნო და 2200 - 2200 ლარით დააჯარიმა.

2 ივნისს, ღამით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ რამდენიმეკაციან აქციაზე ედუარდ მარიკაშვილს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელია, ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა, ხოლო იურისტ ბრაჭველს და სამოქალაქო აქტივისტ ნიკა რომანაძეს ჰქონდათ პლაკატები წარწერით „ირაყლი“. დაკავების ამსახველი ვიდეომასალიდან ისმის პოლიციელის ნათქვამი, რომ არავის აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის უფლება. დაკავებულებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს საშუალება ადვოკატებთან დაერეკათ. სამივე მათგანი დედაქალაქიდან რეგიონში, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაკავების მაქსიმალური, 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები 2 ივნისს, პარლამენტთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პოლიციამ სამი ადამიანი, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავა. თუთბერიძე პარლამენტის წინ, კიბეზე იჯდა და ფეხებთან ჰქონდა პლაკატი წარწერით „ირაყლი“. მოქალაქეები ამ შინაარსის პლაკატებით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომელმაც 30 მაისს, ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თქვა, რომ „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი“. პოლიციელმა თუთბერიძისთვის ჯერ პლაკატის წართმევა სცადა, შემდეგ, კიბიდან ძალით ააყენეს და დააკავეს. სამართალდარღვევის ოქმში წერია, თითქოს ის პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

იურისტების მიაჩნიათ, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახ უკანონოდ დაკავებას, რაც სისხლის სამართლის 247-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ასევე უკანონოდ მიიჩნევა დაკავების ვადის 48-საათამდე გახანგრძლივება, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევად აქვს შეფასებული პროტესტის მონაწილეების დაკავება ბანერების შინაარსის, მათ შორის, უხამსი ლოზუნგის/სლოგანის გამო. საქართველოსთან მიმართებაში ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება ექვსი თვის წინ, 2022 წლის 15 დეკემბერს არის მიღებული საქმეზე - „ფერაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

2 ივნისის აქციაზე სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

 

ამ თემაზე:

უკანონოდ დაკავებულ უფლებადამცველებს შსს დაკავების მაქსიმალური ვადით სჯის

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.