ადამიანის უფლებების დამცველ ედუარდ მარიკაშვილს, 2 ივნისს, ღამით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ რამდენიმეკაციან აქციაზე, ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა. ამავე აქციაზე მყოფ იურისტ საბა ბრაჭველს და სამოქალაქო აქტივისტ ნიკა რომანაძეს ჰქონდათ პლაკატები წარწერით „ირაყლი“. პოლიციამ სამივე მათგანი დააკავა. დაკავების ამსახველი ვიდეომასალიდან ისმის პოლიციელის ნათქვამი, რომ არავის აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის უფლება. დაკავებულ უფლებადამცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს საშუალება ადვოკატებთან დაერეკათ. სამივე მათგანი დედაქალაქიდან რეგიონში, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაკავების მაქსიმალური, 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები 2 ივნისს, პარლამენტთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პოლიციამ სამი ადამიანი, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავა. თუთბერიძე პარლამენტის წინ, კიბეზე იჯდა და ფეხებთან ჰქონდა პლაკატი წარწერით „ირაყლი“. მოქალაქეები ამ შინაარსის პლაკატებით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომელმაც 30 მაისს, ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თქვა, რომ „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი“.
პოლიციელმა თუთბერიძისთვის ჯერ პლაკატის წართმევა სცადა, შემდეგ, კიბიდან ძალით ააყენეს და დააკავეს. სამართალდარღვევის ოქმში წერია, თითქოს ის პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ვიდრე ადვოკატს ხელწერილით გათავისუფლებდნენ, პარლამენტთან აქციას უფლებადამცველები შეუერთდნენ.
„ირაყლი“ - „არალამაზი“ სიტყვა
„მე გავედი რუსთაველზე და დავიკავე თაბახის ფურცელი იმავე წარწერით, რადგან მჯერა, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესი ქვეყანა, ვიდრე რუსეთი ან ბელორუსია. ჩემი ეს მოქმედება იყო ჩემი თანამოქალაქის გამოქომაგების, სოლიდარობის აქტი, რადგან არ შეიძლება პოლიციის მიერ ადამიანზე ძალადობას წესრიგის აღდგენას არქმევდნენ და ჩვენ ამას მშვიდად ვხვდებოდეთ“, - „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელმა საბა ბრაჭველმა ეს სიტყვა დაკავების შემდეგ, იზოლატორში დაწერა, რომ სასამართლო სხდომაზე წაეკითხა, მაგრამ ადმინისტრაციული წესით დაკავების მაქსიმალური ვადა, 48 საათი ისე გავიდა, პროცესი არ ჩაინიშნა.
საბა მისი დაკავების დეტალებს იხსენებს: „პარლამენტთან ყოფნისას ჩემთან რამდენიმე პოლიციელი მივიდა, სერგი ბზიშვილის მეთაურობით, რომელმაც მითხრა, რომ პლაკატი მიმეცა. მივუგე, რომ ეს ჩემი საკუთრება იყო და არ მივცემდი. მან მითხრა, „არალამაზი რამე“ აწერია ზედო, რაზეც ავუხსენი, რომ ჯერ ერთი, ეს უცენზურო სიტყვა არ იყო და მეორე, რომც ყოფილიყო, ეს დაცული იყო ჩვენი კანონმდებლობით და სტრასბურგის სამართლით. მეტიც, „პანორამა არა ყ*ე“ წარწერაზეც კი თქვა სტრასბურგმა, ამის გამო ადამიანის დაკავება არ შეიძლებაო.
არ ვიცი, სტრასბურგის ხსენების გამო გაბრაზდა ბატონი სერგი თუ პანორამის, ამ დროს უბრძანა თავის ქვეშევრდომებს, ეს გაიყვანეთო, რის შემდეგაც წამაქციეს, ტერიტორიიდან გამიყვანეს, ხელბორკილები დამადეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს იმ ფურცლის წართმევა“.
საბა ბრაჭველი ამბობს, რომ მისი დაკავება საკუთარ თავზე აიღო პოლიციელმა, რომელსაც რეალურად არ დაუკავებია და პირველად პოლიციის დეპარტამენტში ნახა.
სუფთა ფურცელი
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ დაკავების მიზანი მოქალაქეების დაშინებაა, რათა თავი შეიკავონ პროტესტის გამოხატვისგან ისეთი ფორმითაც კი, როგორიც ცარიელი ფურცლის დაჭერაა:
„ამ საქმემ ძალიან კარგად აჩვენა საქართველოს ხელისუფლების მსგავსება რუსულ რეჟიმთან, რომელიც ასევე თეთრი ფურცლის გამო აკავებს ადამიანებს. ხელისუფლების ეს ქმედებები ძალიან ჰგავს მცდელობას, შური იძიონ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე და მეორე - ამ შურისძიების ფარგლებში ისინი თამაშობენ იმ ძალაუფლებით, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა“.
იურისტების მიაჩნიათ, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი აქვს განზრახ უკანონოდ დაკავებას, რაც სისხლის სამართლის 247-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ასევე უკანონოდ მიიჩნევა დაკავების ვადის 48-საათამდე გახანგრძლივება, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს.
2 ივნისის აქციაზე სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევად აქვს შეფასებული პროტესტის მონაწილეების დაკავება ბანერების შინაარსის, მათ შორის, უხამსი ლოზუნგის/სლოგანის გამო. საქართველოსთან მიმართებაში ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება ექვსი თვის წინ, 2022 წლის 15 დეკემბერს არის მიღებული.
საქმე „ფერაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება 2015 წლის ივლისში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე „პარტიზანი მებაღის“ ნატა ფერაძის და კიდევ ექვსი აქტივისტის დაკავებას ბანერისთვის, რომელზეც ეწერა „პანორამა, არა *ლე!“. ერთ-ერთი ბანერის წარწერა მიმართული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისკენ.
სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, ვიდეოჩანაწერებში არ ჩანდა, რომ რომელიმე დაკავებულმა ხმამაღლა წამოიძახა ლოზუნგი ან რომელიმე მათგანი არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებებს, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდივე სამართალდამრღვევად ცნო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, სლოგანიანი ბანერების ჩუმად ჩამოკიდების გამო და თითოეული დააჯარიმა. ქართულმა სასამართლომ განმარტა, რომ გამოყენებული სლოგანი იყო „განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი“ ქართულ საზოგადოებაში და არ გააჩნდა „არავითარი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება“. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომაც ძალაში დატოვა.
ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ შეკრების თავისუფლების უფლება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია და ნებისმიერი შეზღუდვის აუცილებლობა დამაჯერებლად უნდა იყოს დადგენილი.
ბანერების „პანორამა, არა *ლე!“ შინაარსთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა ეროვნული სასამართლოების შეფასება, გამოყენებული ჟარგონული ვულგარული სიტყვა იყო „სრული უხამსობა“ და „განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი“ სიტყვა ქართულ ენაში, თუმცა მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სადავო განცხადების ვულგარული ბუნება ზედმეტად განაცალკევეს მისი კონტექსტიდან, აშკარა მიზნიდან და ფოკუსირდნენ მხოლოდ ფორმაზე.
„მათ არ აღიარეს, რომ მე-10 მუხლი [გამოხატვის თავისუფლება] გამოიყენება არა მხოლოდ იმ ინფორმაციასა და იდეებთან მიმართებით რომლებიც მიიღება დადებითად ან განიხილება როგორც შეურაცხმყოფელი ან გულგრილობა, არამედ მათზეც, რომლებიც შეურაცხყოფს, იწვევს გაოცებას ან აწუხებს მოსახლეობის რომელიმე ნაწილს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სადავო შეურაცხმყოფელი განცხადება არ იყო მიმართული რომელიმე პიროვნების ან ინსტიტუტის წინააღმდეგ, რის გამოც იგი არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე კონკრეტულის შეურაცხყოფად ან არამოტივირებულ ჩირქის მოცხებად“, - აღნიშნა სასამართლომ.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის [შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების] დარღვევას მე-10 მუხლის [გამოხატვის თავისუფლების] ჭრილში. სასამართლო მიიჩნევს, რომ სანქციის დაწესებას გამოხატვისთვის, რაც არ უნდა ლმობიერი იყოს იგი, შესაძლოა, ჰქონდეს არასასურველი მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებაზე.