3 გემი, მათ შორის თურქულ-ქართული, რუსეთის ბლოკადის ფონზე უკრაინულ პორტში შევიდა - Forbes

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სამმა სატვირთო გემმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ პირველად, რუსეთის მიერ შავ ზღვაზე დაწესებული ბლოკადა NATO-ს თვითმფრინავების მეთვალყურეობის ქვეშ გაარღვია. ამის შესახებ Forbes-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, გემებიდან ერთი საბერძნეთშია რეგისტრირებული, მეორე ისრაელში, ხოლო მესამე თურქულ-ქართული წარმოშობისაა. ხომალდები 30 ივლისს უკრაინული ხორბლით დაიტვირთნენ საპორტო ქალაქ იზმაილში, რომელიც უკრაინის სამხრეთით, რუმინეთთან, მდინარე დუნაის სანაპიროზე მდებარეობს და გეზი სხვა უცხოური პორტებისკენ აიღეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ისრაელის კუთვნილი Ams 1 და ბერძნული Sahin 2 შავი ზღვის აკვატორიაში ბოსფორის სრუტის გავლით შევიდნენ, თურქულ-ქართული Yilma Kaptan კი პორტ იზმაილისკენ ჩრდილოეთ თურქეთიდან გავიდა.

ვებ-გვერდ Marine Traffic-ის მონაცემებით, Yilma Kaptan-ი, რომელიც ვანუატუს დროშის ქვეშ დაცურავს, 21 ივლისს ფოთის პორტში იმყოფებოდა.

როგორც Forbes-ი წერს, სატვირთო გემების თავზე NATO-ს სულ მცირე ოთხი სამხედრო თვითმფრინავი პატრულირებდა: აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო თვითმფრინავი P-8, ამერიკული „ჩელენჯერი“ და RQ-4, ოპერაციაში ჩართული იყო NATO-ს ადრეული რეაგირების თვითმფრინავი E-3-იც. ზოგადად, არცერთი შეიარაღებას არ ატარებს, თუმცა რუმინეთის საზღვართან ახლოს იყვნენ მოიერიშე თვითმფრინავებიც.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) უკრაინის საპორტო ქალაქის მიმართულებით სამი სატვირთო გემის შეუფერხებლად გადაადგილებას ადასტურებს. ამერიკული ორგანიზაცია ყოველდღიურ ანგარიშში წერდა, რომ როგორც ჩანს, რუსეთის ძალებს არ სურთ, ან ვერ ახერხებენ იძულებით შეაჩერონ და გაჩხრიკონ ნეიტრალურ გემები, რომლებიც უკრაინისკენ შავი ზღვის გავლით მიემართებიან. გემების შემჩნევა ნებისმიერს შეუძლია, ვისაც ინტერნეტთან წვდომა გააჩნია.

„30 ივლისს გამოქვეყნებული საზღვაო ნავიგაციის გამოსახულება აჩვენებდა სამ სამოქალაქო გემს, რომლებიც უკრაინის მიმართულებით ყველა წესის დაცვით მიცურავდა, მათ შორის მოქმედებაში იყო ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა (AIS). შესაძლოა, რუსეთს არ გააჩნია საკმარისი რესურსი მსგავსი კონტროლისთვის, ან არ სურს ამის გაკეთება“, - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინასთან, თურქეთთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო) დადებული „მარცვლეულის შეთანხმება“, რომელიც უკრაინას ხორბლის ექსპორტის საშუალებას აძლევდა, ივლისში დატოვა, რის შემდეგაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 ივლისიდან, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად განიხილავდა.

„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლამდე უკრაინული ხორბალი გემებს ძირითადად ოდესის პორტიდან გაჰქონდათ. იზმაილის ნავსადგური მასთან შედარებით ბევრად პატარაა და შესაბამისად უკრაინულ მხარეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტის ჩანაცვლება გაუჭირდება, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ამ გზით ხორბლის ექსპორტი შესაძლებელია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.