ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 აპრილს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით 53 ქვეყანას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
ანგარიშში ნათქვამია, რომ პირის ღრუს დაავადებები არაპროპორციულად აზიანებს ყველაზე დაუცველ და გაჭირვებულ მოსახლეობას.
პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ევროპის რეგიონში 10 ქვეყანა ერთ ადამიანზე წელიწადში 10 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, 14 ქვეყნის დანახარჯი 11-დან 50 დოლარამდეა, ხოლო 29 ქვეყნის - 51-დან 1000 დოლარამდე. ამ თანხების გაღება პაციენტებს ხშირად საკუთარი ჯიბიდან უწევთ, რადგან სახელმწიფო პროგრამები და დაზღვევა მათ მხოლოდ ნაწილობრივ ან საეთოდ არ ფარავს. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე წლიური დანახარჯი 1-დან 10 დოლარამდეა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, 1990-დან 2019 წლამდე პერიოდში, პირის ღრუს ძირითადი დაავადებების (სარძევე და მუდმივი კბილების კარიესი, ედენტულიზმი, მძიმე პაროდონტიტი და პირის ღრუს სხვა დაავადებები ერთად) სავარაუდო შემთხვევების რაოდენობა 42 მილიონზე მეტით, ანუ 10%-ით გაიზარდა, რაც მცირედით აღემატება იგივე პერიოდში მოსახლეობის ზრდას.
კბილის კარიესი ყველაზე გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებად ითვლება. ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის, 1-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში, სარძევე კბილების კარიესის გავრცელების მაჩვენებლით საქართველო მე-18 ადგილზეა. მუდმივი კბილების კარიესის სავარაუდო გავრცელება 35.6% - 40.6% ფარგლებშია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კარიესის შემდეგ პირის ღრუს მთავარ დაავადებებს შორის პაროდონტიტს ასახელებს. მისი გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორი, არასათანადო ჰიგიენასთან ერთად, თამბაქოს მოხმარებაცაა. ევროპის რეგიონში ბოლო 30 წელში მძიმე პაროდონტიტის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა და 2019 წელს, 15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში 17.9%-ს მიაღწია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ზოგადად უფრო მაღალი გავრცელების მაჩვენებელთან ასოცირდებიან, ვიდრე საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნები. იმის გამო, რომ მძიმე პაროდონტიტის გავრცელება პიკს აღწევს დაახლოებით 55 წლის ასაკში და მაღალი რჩება სიბერემდე, სავარაუდოა, რომ დაავადების გავრცელების მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება ევროპის მოსახლეობის დაბერების გათვალისწინებით. 2050 წლისთვის 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანები რეგიონის მთლიანი მოსახლეობის ერთ მეოთხედს შეადგენენ. საქართველო, მძიმე პაროდონტიტს გავრცელებით, 53 ქვეყანას შორის 30-ე ადგილზეა - დაავადება 15 წლის და უფროსი მოსახლეობის 17.3%-შია გავრცელებული.
ედენტულიზმი (ბუნებრივი კბილების არარსებობა ან სრული დაკარგვა) პირის ღრუს დაავადებების ბოლო ეტაპია, რასაც კარიესი და მძიმე პაროდონტიტი უძღვის წინ. თუმცა, კბილების დაკარგვა ტრავმებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ედენტულიზმი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის აშკარა ინდიკატორია, დაუცველი მოსახლეობა არაპროპორციულად უფრო ხშირად განიცდის კბილების სრულ დაკარგვას.
2019 წელს, ევროპის რეგიონი ედენტულიზმის შემთხვევების წილის (25.2%) მიხედვით მეორე ადგილზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრობლემა 20 წლის და უფროსი ასაკის დაახლოებით 88 მილიონ ადამიანს ჰქონდა. ეს გავრცელების ყველაზე მაღალი - 12.4%-იანი მაჩვენებელია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეგიონებს შორის და თითქმის ორჯერ აღემატება გლობალური გავრცელების მაჩვენებელს - 6.8%.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფუნქციონირებადი კბილების შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი სიბერისთვის. 2019 წელს, ევროპის რეგიონში 60 წლის ან უფროსი ასაკის ადამიანებიდან თითქმის ყოველი მესამე (31.3%) განიცადა კბილების სრულ დაკარგვას. გლობალურ საშუალო მაჩვენებელი 22.7% იყო. ამ ასაკობრივ ჯგუფში, ქვეყნების მიხედვით ედენტულიზმის გავრცელება 22.3%-დან 42.1%-ის ფარგლებშია.
საქართველო 53 ქვეყანას შორის მე-7 ადგილს იკავებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 60 წლის ან უფროსი ასაკის მოსახლეობის 37.4% უკბილობას განიცდის. მასზე წინ არიან სლოვენია, ტაჯიკეთი, ნიდერლანდები, სომხეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი. ევროპის რეგიონში, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, უკბილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ესპანეთში, შვეიცარიასა და ლიეტუვაშია - 22.3-დან 23.7%-მდე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სახელმწიფოების მიერ პირის ღრუს ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის ეროვნული პაკეტები უნდა მოიცავდეს პირის ღრუს ჯანმრთელობის სერვისებზე უფასო, ან ხელმისაწვდომ ფასებში წვდომას.