საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორად, სამი წლის ვადით, ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. მას ხმა მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან სამმა მისცა. დირექტორის უფლებამოსილებას ის 22 ნოემბრიდან შეასრულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ვლადიმერ ტატიშვილი 2004 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, არის ტელე-რადიო წამყვანი, პროდიუსერი და რედაქტორი. 2009-2022 წლებში ის სარეკლამო კომპანიების დამფუძნებელი და დირექტორი იყო. ტატიშვილს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს და 2015 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია. ასევე კითხულობს ლექციებს მედიის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით შოთა რუსთველს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„პირველ რიგში, ალბათ, რაც იქნება გასაკეთებელი, აუდიტის ჩატარებაა, რათა გავიგოთ რა მემკვიდრეობაა, რა და როგორ არის. ეს იქნება ყველა ვარიანტში გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, სახელფასო პოლიტიკას თავიდან უნდა გადავხედოთ. სადაც რაღაც არის გაბერილი, სადაც ვიღაცას რაღაც არ ეკუთვნის, გაშვებაზე არ არის საუბარი, მაგრამ კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გადახალისება მოხდეს, სადღაც ვიღაცას რაღაც მოაკლდეს და ვთქვათ, ვიღაცას მოემატოს, ვინც მართლა საქმეს აკეთებს და მიზერული ხელფასი აქვს“, - განაცხადა ტატიშვილმა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან გასაუბრების დროს.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნებში სულ ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთა შორს არ იყო მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე კანდიდატურა მოხსნა ერთ-ერთმა კანდიდატმა ირინე ფუტკარაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი ხელმეორედ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პირველ ოქტომბერს მრჩეველთა საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ვლადიმერ ტატიშვილი პირველ კონკურსშიც მონაწილეობდა.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს ნათია კაპანაძე, რომელიც მაუწყებელს 2016-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. მრჩეველთა საბჭომ მას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილების ამოწურვამდე 8 თვით ადრე, 2019 წლის აპრილში გაათავისუფლა. ნათია კაპანაძემ სასამათლოს მიმართა. თანამდებობაზე აღდგენასთან ერთად, ის იძულებით განაცდური ხელფასის გადახდას და ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელის განხილვა თითქმის 2 წლის შემდეგ დაიწყო, გადაწყვეტილება კი სამი წლის თავზე გამოაცხადა და ნათია კაპანაძის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. კაპანაძემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ნათია კაპანაძე აპირებს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.
აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლოში დავობენ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც კაპანაძის შემდეგ არჩეულმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა. ჟურნალისტები კოხრეიძეს ადანაშაულებდნენ, რომ სარედაქციო საქმიანობაში ერეოდა. ყოფილი თანამშრომლების ნაწილმა სასამართლო დავა მოიგო.