„დემოკრატიის დანერგვის განუყოფელი ნაწილია მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აზრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მათ შორის, საზოგადოებაში. ამიტომ, აგენტების კანონპროექტების გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა, პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
ანალენა ბერბოკმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა: „მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, თბილისის ქუჩებში ქართველი კაცები და ქალები აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშებს და ეს ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ევროპული ღირებულებების რწმენა და სტიმული.
საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც. საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. სწორედ ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში. ჩვენ გვინდა, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროკომისიისგან განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ საგრძნობი წინსვლა აქვს.
„აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს. საქართველოს მხოლოდ მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და პირიქით, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთობლივად და სწორედ ამიტომ, გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში, ამის გაძლიერებაში. ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირი განსხვავებული წევრებით ხასიათდება - ეს არ არის სისუსტე, არამედ სიძლიერეა. ევროკავშირის არაოფიციალური დევიზია - ერთობა სიმრავლეში. სამომავლოდ, გვინდა ამის საქართველოსთან ერთად განხორციელება. ამიტომ, აუცილებელია დრო აღარ დაიკარგოს. ეს მომენტია ისტორიაში, როდესაც უკან არ უნდა დავიხიოთ“, - აღნიშნა ბერბოკმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა მხარდამჭერი გზავნილებისთვის.
„მინდა, გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს ამ მიმართულებით თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გვიან ღამით ჩამოვიდა. გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, ბერბოკის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა. ანალენა ბერბოკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან. ანალენა ბერბოკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.
თბილისში ჩამოსვლამდე ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს და თბილისში ვიზიტით, სურს ნათელი გახადოს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.