აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ, „ბედნიერი ერი“, „ბახტრიონი“ - რა ამოიღეს საგამოცდო საკითხებიდან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

განათლების სამინისტრომ ლიტერატურასა და ისტორიაში 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოიღო მთელი რიგი საკითხები, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლას პირდაპირ თუ ირიბად ეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2024 წლის საგამოცდო პროგრამასთან შედარებისას ირკვევა, რომ აბიტურიენტები ისტორიის საკითხებიდან 1802, 1804, 1812 და 1819-20 წლების რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებებზე ყურადღებას აღარ გაამახვილებენ, რადგან 2025 წლის პროგრამით მათი ცოდნა სავალდებულო აღარაა. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდი ერთ საკითხადაა მოცემული სათაურით - „საქართველო XIX საუკუნეში (საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ, 1832 წლის შეთქმულება. თერგდალეულები)“. 2024 წლის ისტორიის საგამოცდო პროგრამაში, 2025 წლის პროგრამისგან განსხვავებით, ცალკე საკითხად იყო მოცემული „ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულების მოღვაწეობა“. მას მოსდევდა ევროპული სახელმწიფოების ისტორიები, მათ შორის იტალიის გაერთიანება, რომლის ეროვნული მოძრაობა, ჯუზეპე გარიბალდის ლიდერობით, ილია ჭავჭავაძის შთაგონებად იქცა.

2025 წლისთვის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდანაც ამოღებულია. მათ შორისაა „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო,“ „განდეგილი,“ „აჩრდილი“ და „პასუხის პასუხი.“ ეს უკანასკნელი ილიას წრის ეროვნული ბრძოლის ნაწილია და უპირისპირდება გრიგოლ ორბელიანის „პასუხი შვილთას,“ სადაც ორბელიანი ეროვნული იდეების მატარებელ შვილთა თაობას ახალი, პროგრესული შეხედულებების გამო აკრიტიკებს. შესაბამისად, საგამოცდო საკითხებში, 2024 წლისგან განსხვავებით, აღარ გვხვდება არც „პასუხი შვილთა“. ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან განათლების სამინისტრომ მხოლოდ „კაცია ადამიანი“, „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“ და „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ დატოვა.

ცვლილება შეეხო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებსაც. კერძოდ, საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „რამ შემქმნა ადამიანად“, „ჩემი ვედრება“, „ბახტრიონი“, „იას უთხარით ტურფასა“ და „ამოდის ნათდება.“ დატოვეს პოემები - „სტუმარ მასპინძელი“, „ალუდა ქეთელაური“, ლექსები - „ჩემი ვედრება“ და „კაი ყმა“.

სამინისტრომ საგამოცდო საკითხებიდან ამოიღო აკაკი წერეთლის „სულიკო“, „ქებათა ქება“, „აღმართ-აღმართ“. მისი შემოქმედებიდან დატოვეს „თორნიკე ერისთავი“ და „გამზრდელი“ და ლექსი „განთიადი“.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიიდან აბიტურიენტს აღარ მოეთხოვება ლექსების - „ცისა ფერს“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“ ცოდნა, რომლებიც 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში შედიოდა. საგამოცდო საკითხებში დარჩა „მერანი“ „შემოღამება მთაწმინდაზედ“, „ფიქრნი მტკვრის პირას“ და „ბედი ქართლისა“.

საგამოცდო პროგრამიდან ასევე გამქრალია სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და „სიბრძნე სიცრუისა“ მხოლოდ „ლეონის თავგადასავლით“ შემოიფარგლება. მასთან ერთად, გასულ წელს აბიტურიენტს მოეთხოვებოდა „ძუნწი და ვაჭარის“, „უგუნური მცურავის,“ „სამნი ბრმანის“ და სხვათა ცოდნა.

პროგრამაში აღარაა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი პაოლო იაშვილი, რომელიც გასულ წელს პროგრამაში მხოლოდ ერთი ლექსით „პოეზია“ იყო წარმოდგენილი. ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსით „გოგჩა“, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი,“ აღარ გვხვდება პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის მთვარე“.

გალაკტიონის შემოქმედებიდან აბიტურიენტს აღარ მოეთხოვება იცოდეს მისი „მშობლიური ეფემერა“. დატოვებულია „ქებათა ქება ნიკორწმინდას,“ „თოვლი“, „მე და ღამე,“ „მთაწმინდის მთვარე“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ და „შერიგება.“

დავით გურამიშვილის „დავითიანის“ 10 საკითხიდან დატოვებულია მხოლოდ „ქართლის ჭირი.“ ამოღებულია „სწავლა მოსწავლეთა“, „ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება,“ „საწუთროს სოფლის სამდურავი“ და სხვა.

2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა 11 ნოემბერს, ახლადდანიშნული მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით დამტკიცდა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას.

თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

უწყებაში განმარტავენ, რომ საგნობრივი სტანდარტების მიმდინარე რევიზიის პროცესში ექსპერტთა ჯგუფს შესთავაზებენ ყველა იმ ნაწარმოებს, „რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას“. „შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში“, - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).