პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობა „ალტ ინფო“ გაასაჩივრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 8 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ გაუქმდა. ამ საკითხს სახალხო დამცველის აპარატიც შეისწავლის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მარტივი კითხვა გვაქვს: თუ ჩვენ რაღაც შეცდომები გვქონდა, რატომ დაგვარეგისტრირა საჯარო რეესტრმა და თითქმის სამი წელი რატომ ვფუნქციონირებდით როგორც პარტია? რომ მოდიოდნენ და ჯარიმებს გვადებდნენ როგორც პარტიას, რატომ აკეთებდნენ ამას, თუ პარტია არ ვიყავით? და როგორ დაემთხვა, რომ ჩვენ გავიარეთ ცესკოში საარჩევნო რეგისტრაცია, ნომერი უნდა მოენიჭებინათ, ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა და პარტია გაგვიუქმეს?“, - განაცხადა „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ.
გიორგი ქარდავა, რომელიც „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ თავმჯდომარე იყო, ამბობს, რომ პარტიის გაუქმება უკანონოა და მიზეზი, რაც ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, „თითიდან გამოწოვილია“.
„ეს არის ენით აუწერელი უკანონობა, უსამართლობა, როგორიც სააკაშვილის დროსაც კი არ ხდებოდა. სააკაშვილიც კი ვერ ბედავდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ მეთოდებით ბრძოლას. ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა ადეკვატურობის გრძნობა და ეს ქვეყანა თავისი საკუთრება ჰგონია, სადაც კონსტიტუციას და კანონებს საკუთარ პირად, კერძო პოლიტიკურ ინტერესებს მოარგებს“, - აღნიშნა ქარდავამ.
„ალტ ინფოს“ ლიდერები მხარდამჭერებს აქციებისკენ მოუწოდებენ.
„მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის რეგისტრირებული. მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას, რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება მიმდინარე წლის 3 აპრილს საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ 2021 წლის 6 დეკემბერს, პარტიის ხელმძღვანელობის მიერ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, წესდება ყრილობის მიერ არ იყო დამტკიცებული. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ძალაში 8 აპრილს შევიდა. „ალტ ინფოს“ მისი გასაჩივრებისთვის 30 დღე აქვს.
კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. ამ მიზნით, მარტის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 50 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა წარადგინს. ცესკომ 25 119 ხელმოწერა ნამდვილად ჩაითვალა, რაც პარტიის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისთვის საკმარისია.
„ალტ ინფოს“ პარტია, მისი დაფუძნებიდან მალევე, 217 482 ლარით დააჯარიმეს არაფულადი შემოწირულების დამალვის გამო.