ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასთან („როსგვარდია“) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე უარი თქვა. დოკუმენტს, როგორც „ანტიეროვნულ“ ინიციატივას, ე.წ. ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
„ჩვენ ვიზიარებთ მოქალაქეების ყველა განცდასა და წუხილს. ამასთან დაკავშირებით, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, იმოქმედონ და განახორციელონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების, ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ“, - განაცხადა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა.
მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აფხაზეთში საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და წესრიგს უცხო სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები უზრუნველყოფდნენ:
„რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავ უწყებებს ჰყავთ საკმარისი პერსონალი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან საბრძოლველად, იარაღით ვაჭრობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დასაცავად, დანაშაულის წინააღმდეგ ძალოვანი მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფად“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო „როსგვარდიასთან“ შეთანხმების გაფორმებას აპირებდა, 9 თებერვალს გავრცელდა. აფხაზურმა მედიამ გამოაქვეყნა შეთანხმების პროექტი, რომლის მიხედვითაც, თანამშრომლობა მოიცავდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას და ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების დაცვასაც.
ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზციების განცხადებით, შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა მიეცემოდათ.
„შეთანხმება, რომლითაც მეზობელი სახელმწიფოს ეროვნული გვარდიის ჯარები დაიწყებენ აფხაზეთში წესრიგის დამყარებას, არის არა მხოლოდ დარტყმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, არამედ ის გადახაზავს ყველაფერს, რასაც 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. მილიციის ფუნქციებს უცხოელებს გადავცემთ. ეს ღალატზე მეტია“, - აცხადებდა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი წევრი ალმას არძინბა.
შეთანხების გაფორმების მოწინააღმდეგეები დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.
