„ჩვენ არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ. ამის განხილვასაც არ ვგეგმავთ. ჩვენს საზღვართან ასეთი აქციები არ ემსახურება მშვიდობის გამტკიცებას და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურას“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, 26 სექტემბერს ენგურის ხიდთან გამართული აქციის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა აფხაზეთში დევნილების დაბრუნება იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე აჩვენეს ფილმი, რომელიც რუსეთის მიერ, აფხაზეთში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს ასახავს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ „ევროპული საქართველო“, „ტაბულა“, „აფხაზთა კრება“, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“.
რუსეთის ტელეკომპანია „რასია 24-თან“ ინტერვიუში არძინბამ თქვა, რომ ქართველი სამოქალაქო აქტივისტების ამ ჯგუფს აშშ-ს საელჩო და USAID კურირებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას.
„ვიდრე საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია. დარწმუნებული ვართ, საქართველო მორიგ ჯერზე ხელს არ მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას. ეს აფხაზური მხარისთვის იმის დადასტურებაა, რომ საქართველო მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება. ჩვენ ვხედავთ, როგორ მუშაობს საქართველო სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე, მუშაობს ნატოს წარმომადგენლებთან, წვრთნებს მართავს, ყიდულობს სამხედრო აპარატებს. ვფიქრობ, რომ ქვეყანა, რომელიც მშვიდობისთვის ემზადება, ასე არ მოიქცეოდა.
ოქტომბრის დასაწყისში, სავარაუდოდ, 5-6 რიცხვში იგეგმება ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი. ეს არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისთვის. თუ საქართველო მშვიდობისკენ არის მომართული, მაშინ ამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, თუ არა - ეს ნიშნავს, რომ ის არ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას. შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, - თქვა არძინბამ.
საქართველოში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 270 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის ნაწილია.
გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ 2022 წლის ივნისში მიიღო რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას.
რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ძალის გამოყენებით მომხდარ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს, რომ დევნილებს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, აქვთ სახლში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უფლება. დოკუმენტში აღნიშნულია დევნილთა საკუთრების უფლების დაცვისა და პატივისცემის აუცილებლობაც.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. სამხედრო დაპირისპირებას 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 350 ათასი კი დევნილად იქცა.