„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი პანიკის დათესვას და საზოგადოებაში აჟიოტაჟის გამოწვევას ემსახურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსეთის დაფინანსებით ქართულ-რუსული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გახსნა იგეგმება, პრორუსმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა. უფრო ადრე ლორთქიფანიძე რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრობდა.
„ვის და რას წარმოადგენს დიმიტრი ლორთქიფანიძე იმისთვის, რომ თქვენ ასეთი დიდი ინტერესით ეხმაურებოდეთ მის რაღაც მოსაზრებებს ან იდეებს?“, - უთხრა წილოსანმა ჟურნალისტებს. „თქვენ თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ. არ იქნებოდა ცუდი ნამდვილად. ზუსტად ეს გაუწევდა პოპულარიზაციას დასავლური განათლების მიღებას“.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ხელისუფლება ასეთი უნივერსიტეტის წინააღმდეგი იქნება თუ არა, დეპუტატმა წილოსანმა თქვა, რომ ვერ ხვდება, რატომ უნდა იმსჯელოს „ვიღაც ადამიანის მოსაზრებაზე“.
„თუ აღნიშნული რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ გავაკეთო კომენტარი. ახლა, ამ ეტაპზე, სრულიად არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის გაკეთება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მან პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად არ უპასუხა შეკითხვას, რამდენად მისაღებია ქვეყანაში რუსული უნივერსიტეტის დაფუძნება:
„ზოგადად, საქართველოში მოწესრიგებულია საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც როგორც უნივერსიტეტის დაფუძნებას, ასევე, მის აკრედიტაციას, ნებისმიერი სხვა იურიდიული პირის დაარსებას ძალიან კარგად არეგულირებს. მათ შორის, ყველა ეს კანონმდებლობა შემუშავებულ იქნა ევროპული სტანდარტის შესაბამისად - სამეწარმეო რეესტრი იქნება თუ ნებისმიერი სხვა კანონმდებლობა, რომელიც სრულ თანხვედრაშია და ჰარმონიზებულია ევროპულ კანონმდებლობასთან. ამიტომ ახლა რომელიმე კითხვით უფრო მეტად ჩავუღრმავდე თეორიულად რაიმე საკითხს, არ მგონია რომ სწორი იყოს. დანარჩენი თუ რომელიმე კანონის მუხლზე გაქვთ პრობლემა, რომელიც აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ არასწორი ღირებულებების უნივერსიტეტი ან საგანმანათლებლო დაწესებულებები დააარსონ, მზად ვართ, განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში. არსებობს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, აკრედიტაციის მიღების წესები. სახელმწიფო ფუნქციონირებს მყარად განსაზღვრულო ჩარჩოთი და ვერ იფუნქციონირებს ემოციებით. ემოციებით შეიძლება ვიღაცებმა აკეთონ კომენტარი. მე ვარ პარლამენტის წევრი. შევეცდები ის პოლიტიკა, რაც ჩვენი მმართველობის ფარგლებშია და ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მის საკანონმდებლო ჩარჩოს, იყოს დაცული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა. ამის საპირისპიროდ, დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, უნივერსიტეტისთვის შესაფერისი ადგილის მოძიება მიმდინარეობს და ამ საკითხზე მეტი დეტალი სექტემბრის ბოლომდე იქნება ცნობილი.
