თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოში ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ პრორუსულ გამოცემასთან „საქართველო და მსოფლიო“ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ახლა კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ.
ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი და გვეცოდინება ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებული მეტი დეტალი“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
4-7 ივლისს, რუსეთში, ლენინგრადის ოლქში გორჩაკოვის ფონდის ორგანიზებით, „ქართულ-რუსული დიალოგი 2023“ გაიმართა, რომელშიც ქართველი პროფესორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ფორუმზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ პროფესორები თემურ მაისურაძე, გოჩა ცოფურაშვილი, თამარ კიკნაძე და ასევე, პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი მდივანი, ისტორიკოსი გიორგი უხურგუნაშვილი და პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხოტივრიშვილი.
როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ფორუმზე ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ბიზნესის წარმოების გამარტივება, თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება,ავიაბილეთის ბილეთის ფასის შემცირება სახელმწიფო სუბსიდიის საშუალებით. გარდა ამისა, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, „მოახერხეს“ და დაილაპარაკეს საქართველოს იმ დეპორტირებული მოქალაქეების პრობლემებზე, რომლებსაც ამნისტია შეეხებათ და შემდეგ რუსეთში შესვლაზე შეზღუდვა აღარ ექნებათ.
პრორუსი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობიდან დიდ ეკონომიკურ სარგებელს იღებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და დადგა დრო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ რაიმე ფორმით დაიწყოს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა:
„დადგა დრო, როცა ყველამ ერთად უნდა მივმართოთ ქვეყნის ლიდერებს და ავუხსნათ, რომ დიახ, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ ახლა აუცილებელია და მნიშვნელოვანია, აქტიური მოქმედება და ჩვენი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს მთავრობამ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდის, რუსეთის ფედერაციის წამყვან თანამდებობის პირებთან საუბარი დაიწყოს.
... ივლისში რუსეთში ორი კონფერენციის გამართვა იგეგმება და ავიაბილეთების სუბსიდირების საკითხი გადაწყდება. სექტემბერში ვგეგმავთ მორიგ ვიზიტს რუსეთში და ველოდებით ახალ საინტერესო ინიციატივებს რუსული მხარისგან.
მიმდინარეობს ურთიერთობების რეანიმაციის პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია. რუსეთის ბევრ მოქალაქეს ვამჩნევ დიდ სურვილს, რომ თავისი ბიზნესი საქართველოში გადმოიტანოს. თავის მხრივ, ქართველებს შორისაც ბევრია, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება რუსეთში სურს“.
უკრაინაში ომის გამო დასავლეთის სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღადგინა. გარდა ამისა, გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი. მოსკოვში უკვე საუბრობენ, რომ შემდეგი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება.