საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობები ქართველი ხალხის ინტერესშია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ირანში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტებს ეხებოდა. პაპუაშვილის თქმით, ირანი უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილე არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვილს ჰკითხეს, რატომ იყო აუცილებელი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველო პირველი პირის დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი და არის თუ არა ეს გზავნილი დასავლელი პარტნიორებისთვის.
„ალბათ, იგივე პათოსი გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩინეთში იყო ვიზიტი სხვადასხვა თანამდებობის პირების. იქაც იგივე ბრალდებები და დღეს ვხედავთ, რომ ჩინეთში ჩადის ყველა ევროპელი ლიდერი. ზუსტად იგივე პათოსი იყო, თითქოს რუსეთთან კავშირების გამო და ასე შემდეგ. ჩვენ სამყაროს არ ვუყურებთ ასეთი პრიზმიდან, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ საქართველოს მდგომარეობიდან და ადგილიდან, საიდანაც ვართ ისტორიულად და ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი სამეზობლოთი. ეს არის ჩვენი არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიული ტაქტიც, რომ არა მხოლოდ ჭირის მდგომარეობაში, არამედ პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს, ქართველი ხალხი იყოს წარმოდგენილი ამ პროცესზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უქმის თუ არა ხელისუფლებას უხერხულობას მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ფაქტობრივად ომის თანამონაწილე ქვეყანასთან, პაპუაშვილმა თქვა:
„არანაირი ომის თანამონაწილე, ჯერ ეს ერთი, ირანი არ არის. არ ვიცი, საიდან ასკვნით ამას. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ირანთან, ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება როგორც ერებს შორის პატივისცემას და კულტურულ ურთიერთობას, ისე, რა თქმა უნდა, გამოხატვას ჩვენი ხალხის დამოკიდებულებას იმ პროცესების მიმართ, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს იგივე ინაუგურაციის სახით. ამიტომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო კი არ იყურებოდეს აქეთ-იქით და მიმბაძველად მოქმედბდეს, აბა სხვა რას გააკეთებს და მეც ისე მოვიქცევი... ჩვენ 30 წლის ახალი რესპუბლიკა კი ვართ, მაგრამ 3000 წლის სახელმწიფო ვართ და არ მგონია, რომელიმე სახელმწიფოს დედამიწის ზურგზე აქვს სახელმწიფოებრიობის ის გამოცდილება, რომელიც ქართულ გენშია“.
შალვა პაპუაშვილი არ გამოეხმაურა კითხვას, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ ირანი პუტინის რეჟიმს „შაჰიდის“ დრონებით ამარაგებს და განაგრძო: „ჩვენ არავის მითითება არ გვჭირდება, როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობის კუნძული ამ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესით“.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანში ორჯერ ჩავიდა. 22 მაისს ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანის დარუპული პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდნენ ტერორისტული ორგანიზაციების „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და „თალიბანის“ ლიდერები, ასევე, რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და სხვები. დღეს, 30 ივლისს, ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან ერთად, ახლად არჩეული პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა. ის ფეზეშქიანს შეხვდა და წარმატებები უსურვა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ირანი რუსეთს მხარს უჭერს როგორც დიპლომატიურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდე რუსეთმა უკრაინისკენ დაახლოებით 3700 ირანული წარმოების კამიკაძე დრონი - შაჰიდ-131/შაჰიდ-136 გაუშვა. რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო უკრაინის მთავრობამ ირანის ელჩი ქვეყნიდან გააძევა და ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობა შეამცირა. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ რუსეთი აგრძელებს ირანთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას უკრაინაში გამოსაყენებლად ლეტალური დახმარების მიღების სანაცვლოდ.