საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ ფორმალურად დატოვეს და მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს, აპირებენ, მოამზადონ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად“. მათი განცხადებით, უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის „ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ
უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს
რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ მიერ, 18 ნოემბერს გავრცელებულ ანტიდასავლური გზავნილების შემცველ განცხადებაში.
ამ განცხადებამდე, აშშ-ს მხრიდან საქართველოს დახმარების თაობაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობოებზე მოდის: „ამიტომ ჩვენთვის ეს ნამდვილად არ არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ „ენჯეოებმა“.
რაც შეეხება „ხალხის ძალის“ მიერ დაანონსებულ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაელოდებიან, რა იქნება მისი შინაარსი და შემდეგ იმსჯელებენ.
„როცა იქნება წარმოდგენილი, რეგლამენტის მიხედვით განიხილება ნებისმიერი ინიციატივა, მათ შორის, ესეც. ისინი ამბობენ, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად რაღაც უნდა შემოგვთავაზონ. ვნახავთ, რა არის ეს, რამდენად შეესაბამება დასავლურ პრაქტიკას და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ. „ენჯეო“ სექტორის სიკვდილი არ არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო დაფინანსების შეზღუდვის შესახებ „ხალხის ძალის“ წინადადებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ს ელჩნმა, კელი დეგნანმა. ელჩის თქმით, მისთვის ეს ისე ჟღერს, როგორც „რაღაც პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული“.
„ეს არის ის, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით რუსეთში ხდება. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისთვისაც საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში მუშაობდა, რომ ასეთ შევიწროებას დაუბრუნდეს“.
მისივე განცხადებით, საქართველოში მოგზაურობის დროს ხედავს „მართლაც მნიშვნელოვან სამუშაოს“, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ასრულებენ.
„ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველებს, რომლებიც ერთად ქმნიან ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაცია. პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის, მმართველი პარტიიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა. მათ მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებით დაიწყეს და წვლილი შეიტანეს საქართველოს ზრდასა და განვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების კარგი მუშაობით. ჩემთვის ახლა ცოტა დამაბნეველია იმის მოსმენა, რომ ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებს იმ კარგ საქმეს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. არ ვისურვებდი, რომ საქართველომ დაკარგოს ეს ძალა, ხმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში და მათი მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოებაში. ეს არის ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
აშშ-ის მხრიდან საქართველოს დახმარების შესახებ ელჩმა თქვა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დაფინანსება მიმართულია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
„შეგიძლიათ ჰკითხოთ თხილის, მოცვის ან რძის მწარმოებელ ფერმერებს, რომლებმაც გააფართოვეს წარმოება ან შეძლეს თავიანთი პროდუქციის გაყიდვა უფრო მეტ ბაზარზე, რა სახის მხარდაჭერა მიიღეს Შეერთებული შტატებისგან. შეგიძლიათ ჰკითხოთ სტუდენტებს ან ბევრ სხვა ადამიანს, რომლებიც შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამებით მიდიან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით არ ხდება. ჰკითხეთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც მუშაობენ ამერიკელ სამხედროებთან, სანაპირო დაცვასთან, ჩვენს სასაზღვრო პოლიციასთან, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით არ ხდება. ეს ხდება ძირითადად მთავრობის გავლით ან უშუალოდ ხალხით, მაგრამ ჩვენ ასევე ვმუშაობთ რამდენიმე ძალიან კარგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, რომლებიც ეხმარებიან უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას, აგვარებენ საკითხებს ძირეულ დონეზე, ადგილობრივ დონეზე, ეროვნულ დონეზე ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სამუშაო ადგილების და უკეთესი გარემოს შესაქმნელად. ჩვენ მთავრობასთან ხშირად ვმუშაობთ, რაც შეგვიძლია ხშირად, მაგრამ ასევე ვმუშაობთ სხვებთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ქვეყნის კუთხეებამდე ვაღწევთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს თავიანთი ოცნებების რეალიზებაში და გაჭირვებულ ადამიანებს დავუჭიროთ მხარი. ეს არის ის, რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ“, - თქვა აშშ-ს ელჩმა.
16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა და შესაძლოა, იფიქრონ, არის თუ არა დრო, რომ გადახედონ სტრატეგიას საქართველოს დახმარებასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ სენატორ ჯინ შაჰინს ჟურნალისტებთან „ჩათლახი“ უწოდა. მოგვიანებით დეპუტატმა თავის ფეისბუკგვერდზე განმარტა, რომ სენატორისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი არ ჰქონია და ჟურნალისტებმა „შავი მასალა“ გამოაქვეყნეს, რომელშიც კონტექსტი შეცვლილი იყო: „აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ"“.
ამ თემაზე:
კობახიძე ტყუის, როცა ამბობს, რომ დიდი NGO-ების დაფინანსება გაუმჭვირვალეა