ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ერევანი მზად არის მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს. არძინბას თქმით, ეს გეოპოლიტიკური კონსენსუსის შედეგი და ტრაგედიაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასეთ რამეს იტყოდა. სხვათა შორის, სომხეთში ბევრმა ეს უარყოფითად აღიქვა. ჯერ კიდევ 1992 წელს სომხეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტის ან შიდასამართლებრივი აქტის, სადაც მთიანი ყარაბაღი აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულება დაუშვებელია. ანუ გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის განცხადება ეწინააღმდეგება სომხეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას.
ეს უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ხისტი გეოპოლიტიკის ეპოქაში. ის, რაც მთიან ყარაბაღს დაემართა, გეოპოლიტიკური კონსენსუსის შედეგია. იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შედეგები მართლაც შეიძლება საკმაოდ ტრაგიკული იყოს და რაც მთიან ყარაბაღს დაემართა არის კიდეც ტრაგედია, თუ გავიხსენებთ რამდენი ბიჭი დაიღუპა და რა შედეგი მოჰყვა ამას“, - განაცხადა ინალ არძინბამ.
22 მაისს, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა - 86 600 კმ2, რაც მთიან ყარაბაღსაც მოიცავს, თუმცა აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებების დაცვა და უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ფაშინიანის ამ განცხადებას უარყოფითად შეხვდნენ. ე.წ. პარლამენტმა 23 მაისს გამართულ საგანგებო სესიაზე მიიღო ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფაშინიანი უხეშად არღვევს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დებულებებს და კონსტიტუციას არცახთან [მთიანი ყარაბაღის სახელწოდება] მიმართებაში, კერძოდ, უმაღლესი საბჭოს 1992 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების იმპერატიულ პრინციპს, რომ „სომხეთის რესპუბლიკისთვის მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისო ან შიდა დოკუმენტის განხილვა, რომელშიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში იქნება მოხსენიებული“.
„ჩვენთვის მიუღებელია და ფასი არ აქვს ნიკოლ ფაშინიანის ნებისმიერ განცხადებას და მასზე დაფუძნებულ დოკუმენტს, რომელიც არცახის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის თვითგამორკვევის უფლების და ამ უფლების რეალიზაციის ფაქტის იგნორირებას ახდენს“, - აღნიშნეს დეპუტატებმა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არასდროს იტყვიან უარს ბრძოლაზე.
მთიანმა ყარაბაღმა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია, დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა. მანამდე ის აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური ოლქი იყო.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში ბოლო ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. ომში დაახლოებით 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა. შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილსა და შვიდ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც 1994 წლიდან სომხეთის ძალებს ეკავათ.
სომხეთში, საზოგადოების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო აკრიტიკებს, მას მოღალატეს უწოდებენ და აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის ჩაბარებაში ადანაშაულებენ. ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის უსაფრთხოების გარანტია მშვიდობაა, რომელიც მხოლოდ ყველა მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების დარეგულირებით არის შესაძლებელი
მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული.
ამ თემაზე:
ელემენტი, რომელიც თავს „პრეზიდენტს“ უწოდებს, უნდა დანებდეს - ალიევი ყარაბაღს ემუქრება