თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პარლამენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუშინდელი განცხადება დაგმო. ფაშინიანმა 22 მაისს თქვა, რომ სომხეთი მზად არის, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ე.წ. პარლამენტი დღეს, საგანგებოდ მოწვეულ სესიაზე შეიკრიბა და განცხადება მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ფაშინიანი უხეშად არღვევს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დებულებებს და კონსტიტუციას არცახთან [მთიანი ყარაბაღის სახელწოდება] მიმართებაში, კერძოდ, უმაღლესი საბჭოს 1992 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების იმპერატიულ პრინციპს, რომ „სომხეთის რესპუბლიკისთვის მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისო ან შიდა დოკუმენტის განხილვა, რომელშიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში იქნება მოხსენიებული.
„ჩვენთვის მიუღებელია და ფასი არ აქვს ნიკოლ ფაშინიანის ნებისმიერ განცხადებას და მასზე დაფუძნებულ დოკუმენტს, რომელიც არცახის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის თვითგამორკვევის უფლების და ამ უფლების რეალიზაციის ფაქტის იგნორირებას ახდენს“, - აცხადებენ დეპუტატები და აღნიშნავენ, რომ არასდროს იტყვიან უარს ბრძოლაზე.
პარლამენტარები სომხებს მიმართავენ, არ დაუშვან მთავრობის „კატასტროფული ნაბიჯები“ და არ დაუთმონ აზერბაიჯანს „სომხური სამშობლოს ნაწილი - არცახის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიები ანკლავების სახით, რაც აუცილებლად გამოიწვევს სომხური სახელმწიფოებრიობის დაკარგვას“.
დეპუტატებმა სომხეთის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებსაც მოუწოდეს, პრემიერ-მინისტრის განცხადება დაგმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მხრიდან დუმილი აღქმული იქნება როგორც ნიკოლ ფაშინიანის განცხადების მხარდაჭერა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატული კილომეტრით, რაც მთიან ყარაბაღსაც მოიცავს. ფაშინიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის სომხების საკითხი, მათი უფლებები და უსაფრთხოება ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს. სომხეთის პრემიერმა ბაქოსა და სტეფანაკერტს (თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი) შორის მოლაპარაკებებისთვის საერთაშორისო გარანტიების შექმნის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება.
მთიანმა ყარაბაღმა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად სომეხია, დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა. მანამდე ის აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური ოლქი იყო. სომხეთს არცახის რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. 2020 წელს, სომხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა, რომ ამ მიდგომით სომხეთის ხელისუფლებას სურდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებისთვის შეეწყო ხელი.