საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან“ ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
ჟურნალისტის შეკითხვას, ტერმინი ოლიგარქი თქვენთვის არ არის მისაღები ივანიშვილთან მიმართებაში, სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „რატომაც არა. ოლიგარქობა რას ნიშნავს, რას არ ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ვენეციის კომისიის პასუხი დეოლიგარქიზაციის კანონზე არ არის რაღაც, რომ ინდივიდუალურად რომელია. ახლა ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი არიან, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის. ვენეციის კომისიის მიდგომა ამ საკითხზე არის, რომ თქვენ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს სისტემურად, უნდა მიიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც იქნება პრევენციული, რომ არავინ შეძლოს, მიიღოს მეტი გავლენა“.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა უპასუხა:
„არის ალბათ, კი. ოლიგარქი იმ გაგებით, რომ აქვს ფული, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა. ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალება.
საჭიროა, ჩვენ გავიგოთ და ვიცოდეთ, სად მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას.
ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის სტატუსი, დღეს, როდესაც ის ხელისუფლებიდან ოფიციალურად გასულია, გაუგებარია.
„გარეთაც ისმება ეს კითხვა და მე მგონი, საზოგადოებაშიც არის ეს განცდა თუ კითხვა, სად არის მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები. მე კი არ მეკითხებიან, იმიტომ, რომ ამაზე პირდაპირი პასუხი და მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ ეს განცდა, რომ სად არის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი და არავინ იცის სად არის, რა არიან ეს ახალგაზრდები - შემსრულებლები, გამხმოვანებლები, თუ ესენიც იღებენ გადაწყვეტილებებს. კითხვა როცა არსებობს, ეს თავისთავად ცუდია პოლიტიკური სისტემისთვის, რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად არის პასუხისმგებლობის ცენტრი, ვინ იქნება ხვალ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე თუ რიტორიკაზე, რომელიც ამდენად დამაზიანებელია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს, თუმცა ამის დიდი სურვილი გააჩნია, რადგან მიიჩნევს, რომ საჭიროა, ქართულ პოლიტიკაში მეტი სიცხადე შემოვიდეს.
„ბევრი გზავნილია უცხოეთიდან, რაც ალბათ უნდა გაიგოს და მოისმინოს, თუ ის არის მთავარი. კითხულობენ, სად არის გადაწყვეტილებების და პასუხისმგებლობის მთავარი წონა. რადგან პასუხი არ არის, იქაც უნდათ, რომ მივიდეს ეს გზავნილები. არ მაქვს მე ამის [კომუნიკაციის] საშუალება. მე მგონი, ძალიან საჭიროა იმისთვის, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს ჩვენი პოლიტიკური პროცესები. თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და მე იმედი მაქვს, რომ ჯერჯერობით ვართ და შეგვიძლია დავრჩეთ ამ პერსპექტივაში, საჭიროა იყოს მეტი გამჭვირვალობა ყველა მხრივ.
ამას ვეტყოდი, პირველ რიგში, რომ საჭიროა მეტი სიცხადე იმის შესახებ, თუ სად არის მიღებული გადაწყვეტილებები და რა ფორმით - არის ეს კოლექტიური, კამათის შემდგომ თუ... რადგან ძალიან რთულია გაგება, როდესაც ისმენ ამ რიტორიკას - ხან აქეთ და ხან იქით, ხან ლანძღვაა ჩვენი პარტნიორების, ამერიკის ელჩის, ევროკავშირის ელჩის, რაც დიპლომატიურად ძალიან არასწორი, არაკორექტულია და ხან არის განცხადებები, რომ ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს, მივდივართ ამ გზაზე. სად არის ჩვენი რეალური ხაზი?“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელთა შესრულების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. „ქართულმა ოცნებამ“ ორი მოსმენით უკვე მიიღო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც უკრაინული კანონის მიხედვით შეიმუშავა იმ განსხვავებით, რომ ქართული ვარიანტის მიხედვით ოლიგარქების რეესტრის შექმნის უფლებამოსილება მთავრობას ექნება. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ოლიგარქის სტატუსი არცერთ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს და თუკი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კანონს მიიღებენ, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდება არა ივანიშვილი, არამედ, მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულის“ 51%-იანი წილის მფლობელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.
ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობას ჭარბ გავლენას ანიჭებს და ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს; კანონპროექტის ამ სახით დამტკიცებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.