საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინტერესი ბოლო წლებში შესუსტებულია, ჩინეთს კი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად გაღრმავება სურს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, პრემიერის თანამდებობის დაკავების შემდეგ ჯერ ჩინეთის, ხოლო შემდეგ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ხომ არ ნიშნავს, რომ მთავრობამ პრიორიტეტები გადაალაგა.
„ჩვენი ხედვები მკაფიოა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც ამერიკის შეერტებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან. ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ორივე არის ზესახელმწიფო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით, ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძის თქმით, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა და პრიორიტეტებიც ორმხრივად განისაზღვრება.
„რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული. მაგალითად, ძალიან გააქტიურებული გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურდ არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. ასევე, ჩინეთთან ხელმოწერილი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან - კოვიდის შემდეგ, ჩინური მხარის გადაწყვეტილებით, ძალიან მლე აღდგა ეს ფრენები.
როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩინეთში ჩასული, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად განვითრება და გაღრმავება.
რაც შეეხება აშშ-ს, წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე აქ, გარკვეული გამოვლინება იმის, რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული. მაგალითად, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატა პროტოკოლურ საკითხებში. დაახლოებით რომ ავიღოთ, ალბათ, უკვე მერვე წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება. არ გვაქვს პირდაპირი ფრენები. არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია, კიდევ უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე, რომელმაც 8 თებერვალს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, 22 თებერვალს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა, მეორე დღეს კი შეხვედრა აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან გამართა.
საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გასულ წელს გააფორმეს. 2024 წლის დასაწყისში ირაკლი კობახიძე პეკინში იმყოფებოდა, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ ურთიერთობებში პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება მნიშვნელოვანია.