საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად სანდოა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიება და განიხილავს თუ არა აშშ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის დასანქცირებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
„როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ ჩვენი სანქციების შესახებ. თუმცა, ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება ისეთი ინფორმაციის - როგორც საჯარო წყაროების, ისე არასაჯაროდ გამჟღავნებული ინფორმაციის წარმოდგენისთვის, რომელიც ქმნის საფუძველს ასეთი ღონისძიებებისთვის.
ცხადია, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ, ჩვენ გავდივართ ჩვენივე ძალიან მკაცრ, სრულყოფილ პროცესს ინფორმაციის შესაფასებლად და ისეთი რამ, როგორიც BBC-ის გამოძიებაა, მნიშვნელოვანი კომპონენტია. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გამოიძიოს საკუთარი ბრალდებები და ეს არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც ამის ნაწილი შეიძლება გახდეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სავიზო სანქციების დაწესების საფუძველი გახდა სხვადასხვა, მათ შორის, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. კელი დეგნანის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება სურს, ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში არის ცნობილი.
„დარწმუნებული ვარ, რომ სანდო დამოუკიდებელი გამოძიება იგივე შედეგამდე მივიდოდა“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
ბიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია Milton Group-თან, რომელმაც რიგითი ადამიანები, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეები, მილიარდ დოლარზე მეტით გაძარცვა. BBC წერს, რომ კეზერაშვილის საკუთრებაშია კიევში მდებარე საოფისე შენობა, სადაც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი და ტექნოლოგიური ფირმები, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფით იყვნენ დაკავებული. იგივე ტექნოლოგიური ფირმები ფუნქციონირებდნენ თბილისში, კეზერაშვილის საკუთრებაში არსებულ ოფისებშიც.
დავით კეზერაშვილმა გლობალურ თაღლითურ სქემაში მონაწილეობა უარყო და განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა დაამტკიცოს, რომ BBC-ის მასალაში არაზუსტი ფაქტები და მცდარი დაშვებებია.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კეზერაშვილის დასანქცირების მოთხოვნით „ქართული ოცნების“ დეპუტატები გამოვიდნენ.
