„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსული კანონის მიღების შემთხვევაში სანქციების დაწესებას არ ელოდება. მისი თქმით, ამის თეორიულად განხილვაც კი „წარმოუდგენელი უსამართლობა“ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
„მე ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმდებს ამ მიმართულებით. ასეთი უსამართლობა წარმოუდგენელია. კრიტიკაც წარმოუდგენელი უსამართლობაა. კრიტიკას კი არა მწვავე კრიტიკას ვისმენთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ცალკეული წარმომადგენლებისგან, მათ შორის, ოფიციალურ დონეზეც. ერთადერთი განსხვავება შარშანდელთან არის ის, რომ ისინი [კანონპროექტს] აღარ ეძახიან „რუსულს“, რადგან ყველა მიხვდა, რომ ეს არის საუკუნის აფიორა, რაც ჩვენ დავაინიცირეთ იმის შედარება რუსულთან წარმოუდგენელი თაღლითობაა“, - განაცხადა მდინარაძემ.
რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ აღნიშნული „მწავე კრიტიკა ისეთივე წარმოუდგენელი უსამართლობაა“, როგორც თავის დროზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მიცემა იყო.
„ნახეთ, რომ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მარტივად ჩვენთან არაფერი მოდის. როგორც ჩანს, ამ ქვეყნისთვის მარტივი არაფერი იქნება - არც დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერება, არც სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერება და ასევე ბრძოლით, დიდი, მწვავე დისკუსიებით უნდა მოვიპოვოთ ჩვენ ის, რაც გვეკუთვნის. ჩვენ გვეკუთვნის უფლება, დიდ ქვეყნებს თუ გააჩნიათ ანალოგიური და მსგავსი კანონები, ჩენც შეგვიძლია ასეთი კანონი მივიღოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში საქნციების დაწესება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ გამორიცხა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა 8 აპრილს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ ამ კანონპროექტით შეშფოთებულია.
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოზიცია ერთნაირია - ნატო, ევროკავშირი და აშშ მიიჩნევენ, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, უარყოფითად იმოქმედებს დამოუკიდბელ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებზე. „ნებისმიერი კანონი, რომელმაც შემოიტანა ეს იდეა უცხოური აგენტის შესახებ ძირს უთხრის მთელ იდეას, საქართველო გახდეს უფრო ძლიერი დემოკრატიული საზოგადოება“, - განაცხადა ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა მოითხოვა გაერომაც.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. ტექსტი იგივეა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
სადავო კანონპროექტი პარლამენტის ბიურომ 8 აპრილს დაარეგისტრირა, 15 აპრილს კი იურიდიული კომიტეტი განიხილავს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მის დასაძლევად საკმარისი ხმები პარლამენტში აქვს.
