ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ფედერაციის დატოვებას ცდილობენ, საქართველოში არ უშვებენ - ჩეჩენი ბლოგერისა და ოპოზიციონერი აქტივისტის ტუმსო აბდურახმანოვის ინფორმაციით, ჩეჩნები რამდენიმე დღეა, ზემო ლარსთან, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. აბდურახმანოვმა გამოაქვეყნა საზღვარზე გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ხალხს იატაკზე სძინავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საზღვარზე სწორედ კავკასიელებს არ უშვებენ, რუსეთის ფედერაციის სხვა მოქალაქეებს კი ატარებენ. პასპორტ კონტროლის გავლისას, მაშინვე 222-ე კაბინეტში გზავნიან, შემდეგ კი უკან აბრუნებენ. ეს ჩეჩნების, ვაინახების თავს ხდება“, - ამბობს ვიდეოში საზღვარზე მყოფი მამაკაცი.
პარტია „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე ასევე წერს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს მისი მეგობრები, 21 და 30 წლის ჩეჩენი ძმები, რომლებიც გროზნოდან მოდიოდნენ:
„სამი დღე იდგნენ რიგში. გადმოლახეს რუსული საზღვარი, ქართულმა მხარემ კი უარი უთხრა. ამასობაში, გროზნოში გაიგეს, რომ ქვეყანას ტოვებდნენ, დაურეკეს და პოლიციაში დაიბარეს - ჯარიდან თავის არიდების ბრალდებით და მოღალატეებად შერაცხეს.
მათი უკან მიბრუნება ნიშნავს წამებას, სიკვდილს და უკრაინის ფრონტზე იძულებით გაგზავნას. დგანან ნეიტრალურ ნაწილში, ორ საზღვარს შორის, ვერც საქართველოში შემოდიან და შიშით ვერც უკან ბრუნდებიან“, - ამბობს კუპრაძე.
ჩრდილოეთ კავკასიაში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები იმართება. გროზნოში დედების საპროტესტო გამოსვლის დაანონსების შემდეგ, 23 სექტემბერს, რამზან კადიროვმა ჩეჩნეთში მობილიზაციის გაუქმების შესახებ განაცხადა. „მოვუწოდებ ჩეჩნეთის მოსახლეობას, კერძოდ, ჩვენს საყვარელ და პატივცემულ დედებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე“, - თქვა კადიროვმა. ეს გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ ჩეჩნეთს გაწვევის გეგმა უკვე 254 %-ით აქვს შესრულებული.
რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეები ქვეყნიდან მასობრივად გარბიან. გამოცემა „ნოვაია გაზეტა. ევროპა“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფედერაცია უკვე 261 ათასმა მამაკაცმა დატოვა. ამის გამო 28 სექტემბრიდან საზღვრების დაკეტვა განიხილება იმ მოქალაქეებისთვის, ვინც გაწვევას ექვემდებარებიან.
რამდენიმე დღეა, რუსეთის მოქალაქეების მრავალკილომეტრიანი რიგი დგას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გადაკვეთას ისინი 20-40 საათი ელოდებიან. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 26 სექტემბრის დილის 6 საათზე, გამშვები პუნქტის წინ 2500 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო გაჩერებული, დღე-ღამის განმავლობაში კი 1890 ავტომობილი გაატარეს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ფრონტზე გასაგზავნად მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადა. პუტინის განცხადების თანახმად, გაწვევას დაექვემდებარებიან „პირველ რიგში, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“. სინამდვილეში, სამხედრო კომისარიატები მამაკაცებს განურჩევლად იწვევენ. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მტკიცებით, ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 ათასი მოქალაქის გაწვევა იგეგმება, თუმცა, მედია წერს, რომ კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პუტინის განკარგულება დახურულ პუნქტს შეიცავს, სადაც დაახლოებით მილიონი ადამიანის გაწვევაზეა საუბარი. კრემლი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.