დაილუქა არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები - პროკურატურა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები დაილუქა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, მიზანი აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვოს ვერიფიკაციის აპარატებში დაცული ინფორმაცია, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა მონაცემებს.

ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ კი დაგეგმილია კომპიუტერული/ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ამომრჩევლის დუბლირებას, ასევე, ხომ არ ფიქსირდება საზღვარგარეთ მყოფი პირების ნაცვლად საქართველოში ხმის მიცემის შემთხვევები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია „სმარტმატიკმა“, ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება, რათა „მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს არსებული ინფორმაციის შენახვა და დაცულობა“.

პროკურატურის განცხადებით, „ინტენსიურ რეჟიმში“ გრძელდება ყველა იმ პირის დაკითხვა, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს რაიმე სახის ინფორმაციას არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის გამოიკითხნენ ცესკოს თანამშრომლები.

„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო წყაროებში გავრცელებული, არჩევნებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები, განხორციელდა დოკუმენტების და ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა“, - აცხადებენ პროკურატურაში და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, „თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მიზნად ისახავს მხოლოდ პროკურატურის და მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას“.

გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების გაყალბების მუხლით სისხლის სამართლის საქმე 30 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე აღძრა. გამოძიების დაწყებამდე ოპოზიციური პარტიები ცესკოსგან უშედეგოდ ითხოვდნენ, გასაჯაროებულიყო არჩევნებზე მისული მოქალაქეების ბაზა, რომელიც ვერიფიკაციის აპარატებში ინახება. ოპოზიციის წარმომადგენლები მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ სიების გაყალბების პროცესში პროკურატურაც მონაწილეობს.  

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).