სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა“, - განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ბაჩა მგელაძემ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 3-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სუს-ში აცხადებენ, რომ გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე - იდენტიფიცირებულები არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი“, - აღნიშნა მგელაძემ.
14 თებერვალს, Wizz Air-ის თვითმფრინავი, რეისის ნომრით W66417, 12:45 საათზე ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით გაფრინდა, თუმცა დაახლოებით 10 წუთში აეროპორტში დაბრუნდა. ეკიპაჟმა უკან დაბრუნება ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების გამო გადაწყვიტა. ბორტზე 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ქუთაისი-ბარსელონას რეისი რამდენიმე საათის დაგვიანებით, თვითმფრინავის შემოწმების დასრულების შემდეგ შესრულდა.
21 იანვარს გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იყო განთავსებული, რის გამოც შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
სუს-ის ცნობით, 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარსაც მიიღეს ცრუ შეტყობინებები სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ. „ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, რომელშიც ჩართულნი არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
31 იანვარს, სუს-ში მოწმის სახით გამოკითხეს ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე. გამოძიების ინფორმაციით, ვარდოსანიძის ელექტრონული ფოსტიდან ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე გაიგზავნა. ვარდოსანიძემ შეტყობინების გაგზავნა უარყო და აღნიშნა, რომ მუქარის ტექსტები უცხო ენიდან Google Translate-ით იყო თარგმნილი.