საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განმარტა, რატომ არ მოაწერა ხელი სალომე ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
„განხორციელებული ცვლილებებით საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა ადრე მოქმედი მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია.
აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო ნაკლებად მოგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.
პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომლებიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს მილიონ ნახევარზე მეტი მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა მსხილაძემ.
პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 27 ივნისს განიხილა და 75 ხმით მიიღო. 66 ხმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს ეკუთვნით, ხოლო 9 ხმა - მმართველო პარტიის სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებს.
მიღებული კანონით საპენსიო სააგენტოს დასახელება იცვლება „საქართველოს საპენსიო ფონდით“ და ცვლილებები შედის მმართვის წესში. კერძოდ, საპენსიო ფონდში შეიქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედ სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს წევრებს პარლამენტი ირჩევს, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებით საბჭოს პროფესიონალ წევრებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს. ასევე, იქმნება საპენსიო ფონდის დირექტორატი, როგორც აღმასრულებელი ორგანო. მის წევრებს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს მმართველობითი საბჭო. მიღებული ცვლილებით იზრდება ლიმიტები ე.წ. სხვა ტიპის აქტივებში ინვესტირებისთვის. ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია საპენსიო ფონდის ნებისმიერი საქმიანობის აუთსორსინგზე გადაცემის შესაძლებლობას, რისთვისაც საჭირო იქნება ეროვნული ბანკის თანხმობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებით სუსტდება საპენსიო ფონდის დამოუკიდებლობა და მასზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი გარანტიაა ფონდში მობილიზებული თანხების ეფექტური მართვისთვის. საპენსიო ფონდში ამჟამად 5 მილიარდი ლარია, რაც საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქის საპენსიო უზრუნველყოფას მოიცავს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა. ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში.
