შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს და ითხოვენ სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავი შეიკავოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
შსს-ს განცხადებით, მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის, ცეცხლის წაკიდებით.
„სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.
დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური.
აღნიშნული ქმედება ეჭვქვეშ დააყენებს ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეულ ძალისხმევას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებასაც, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელსაც სასამართლოს მიერ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო დაწესებულება 5 წელიწადში დატოვა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა. მას ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციებისას პოლიციელზე თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის დაწვას ედავებიან. ლაზარე გრიგორიადისი დაპატიმრებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
7-8 მარტის აქციების საქმეზე წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ცხრათვიანი ვადა მას 29 დეკემბერს უმთავრდება, რის შემდეგაც ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება დაუშვებელია. მანამდე, 25 სექტემბერს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს უკვე მიუსაჯა 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ორი წლის წინანდელი ოჯახური ძალადობის საქმეზე. პოლიციელზე თავდასხმისა და მანქანის დაწვის ბრალდების საქმეზე ის უდანაშაულოდაც რომ იყოს ცნობილი, ციხიდან აღარ გაათავისუფლებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ დაარღვია ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია. 3 აპრილს პრემიერმა თქვა, რომ „მას [ლაზარეს] განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა“. 30 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისი კიდევ ერთხელ გამოაცხადა დამნაშავედ: „გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს ვინც არის. ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატო არ იცავენ?! რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან?! ვერავინ ვერ გამოიყვანს, ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამჯერ უთხრა უარი ლაზარე გრიგორიადისს ირაკლი ღარიბაშვილის და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარიის წინააღმდეგ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ლაზარე გრიგორიადისი ცილისწამების ფაქტის დადგენას, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ღარიბაშვილისა და კობახიძისთვის 2-2 ლარის დაკისრებას ითხოვდა.