სასამართლომ სამჯერ არ მიიღო ლაზარე გრიგორიადისის სარჩელი ღარიბაშვილის და კობახიძის მიმართ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რადიო თავისუფლების ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამჯერ უთხრა უარი 7-9 მარტის აქციების მონაწილეს ლაზარე გრიგორიადისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარიის წინააღმდეგ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ლაზარე გრიგორიადისი ცილისწამების ფაქტის დადგენას, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ღარიბაშვილისა და კობახიძისთვის 2-2 ლარის დაკისრებას ითხოვდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2023 წლის 27 ივნისით დათარიღებულ განჩინებაში მოსამართლე გოჩა დიდავა წერს, რომ სასარჩელო მოთხოვნა და დავის ფაქტობრივი გარემოებები ბუნდოვანია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია მოპასუხის იძულება ბოდიში მოიხადოს.

9 აგვისტოს მიღებული განჩინებით მოსამართლე ზვიად ესებუამ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატს დიმიტრი ნოზაძეს კვლავ უარი უთხრა სარჩელის განსახილველად მიღებაზე და განუმარტა: „სასარჩელო მოთხოვნაში მიუთითოს მოპასუხეთა მიერ გავრცელებული კონკრეტულად რომელი ცნობის, გამონათქვამის ცილისწამებად მიჩნევას ითხოვს და დააკონკრეტოს, რა საშუალებით, ფორმით და ვადაში უნდა მოხდეს ცნობის გამოქვეყნება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ“.

20 ოქტომბრის განჩინებაში, მოსამართლე გოჩა დიდავა აღნიშნავს, რომ სარჩელი წარდგენილია კანონით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევით და მოთხოვნა არასწორად არის ფორმულირებული. „რაც შეეხება 2-2 ლარის ოდენობით მორალური ზიანის დაკისრებას, სარჩელიდან არ ვლინდება რა ზიანი განიცადა მოსარჩელე მხარემ“, - წერს მოსამართლე.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა. მას ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციებისას პოლიციელზე თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის დაწვას ედავებიან. ლაზარე გრიგორიადისი დაპატიმრებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, მას, ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. ეს პირი, ეს ახალგაზრდა კაცი, გზას აცდენილი კაცი, არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან - ანუ ეს არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა - ესეც მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი“, - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას.

3 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისზე თქვა, რომ „მას განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა“.

30 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას, ღარიბაშვილმა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, ლაზარე გრიგორიადისი კიდევ ერთხელ გამოაცხადა დამნაშავედ:

„გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა.

არ მაინტერესებს ვინც არის. ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატო არ იცავენ?! რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან?! ვერავინ ვერ გამოიყვანს, ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს“.

ლაზარე გრიგორიადისს 7-9 მარტის აქციების საქმეზე წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ცხრათვიანი ვადა 29 დეკემბერს უმთავრდება, რის შემდეგაც ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება დაუშვებელია.

მანამდე, 25 სექტემბერს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს უკვე მიუსაჯა 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ორი წლის წინანდელი ოჯახური ძალადობის საქმეზე. პოლიციელზე თავდასხმისა და მანქანის დაწვის ბრალდების საქმეზე ის უდანაშაულოდაც რომ იყოს ცნობილი, ციხიდან აღარ გაათავისუფლებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).