აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის (EaP CSF) მმართველი კომიტეტი კატეგორიულად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის ხელახლა წარდგენას და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ღრმად ანტიდემოკრატიულ პოზიციას ამჟღავნებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს კანონპროექტი და უზრუნველყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობა.
„დემოკრატიულ საქართველოს არ სჭირდება ასეთი კანონპროექტი, განსაკუთრებით 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციებით მსგავსი კანონის საჯაროდ უარყოფის გათვალისწინებით.
2024 წლის 3 აპრილს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ე.წ. „უცხოური აგენტის“ კანონპროექტის მიღების მეორე მცდელობის შესახებ, რომელიც ახლა რებრენდირებულია როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“ და რომლის სამიზნე ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებია.
კანონპროექტი შარშანდელი, ფართოდ სადავო ვერსიის ასლია, იმ განსხვავებით, რომ ახალი კანონმდებლობა ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“ უწოდებს და არა „უცხოური გავლენის აგენტებს“, როგორც ეს 2023 წელს იყო შემოთავაზებული. არსებითად, ამ ორ იარლიყს შორის განსხვავება არ არის.
მიღების შემთხვევაში, ახლად შემოთავაზებული კანონპროექტი ყველა, ვინც დაფინანსების მინიმუმ 20%-ს საერთაშორისო წყაროებიდან - კერძო პირებისგან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისგან - იღებს, მოსთხოვს იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“. რეგისტრაციისგან თავის არიდებამ ან არასრული დეკლარაციის წარდგენამ შეიძლება გამოიწვიოს დაჯარიმება 25 000 ლარამდე (8500 ევროს ექვივალენტი). გარდა ამისა, ამ სტატუსს აშკარად უარყოფითი კონოტაციები ექნება და თვითცენზურას გამოიწვევს.
ჩვენი აზრით, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში აქტივისტებისა და დამოუკიდებელი ხმების შეზღუდვას და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობის შეკვეცას, ხელისუფლებაში მყოფი პირები ანგარიშვალდებულნი ამყოფონ. ის ასევე საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის არსებობასა და ფუნქციონირებას, ზიანს აყენებს საქართველოს გზას ევროპული ინტეგრაციისკენ.
2023 წლის მარტში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ინიცირებამ გამოიწვია მასიური პროტესტი ათასობით ქართველისა, რომლებიც გაბედულად გამოვიდნენ ქუჩებში პოლიციის ძალების მიერ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენების ფონზე. რამდენიმე დღის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა „უპირობოდ“ გაეწვია კანონი. თუმცა, ამის მიუხედავად, 2023 წლის განმავლობაში და 2024 წლის პირველ კვარტალში, მმართველი პარტია და პრო-სამთავრობო მედია განაგრძობდნენ რიტორიკას სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და დონორების წინააღმდეგ. მაშინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (EaP CSF), საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორებთან ერთად, სოლიდარული იყო საქართველოში „უცხოელი აგენტების“ ნებისმიერი კანონის ხელახალი შემოღების წინააღმდეგ. ჩვენს მცდელობებს, გამოგვეხატა შეშფოთება დემოკრატიის უკან დახევისა და რეფორმების გამოწვევებთან დაკავშირებით ყველა დონეზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულებიდან სასამართლოს დამოუკიდებლობამდე - მოჰყვა ცილისწამების კამპანიები და მიზანმიმართული ინდივიდუალური ბრალდებები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და პრო-სამთავრობო მედიის მხრიდან. EaP Index-ის შეფასების მეშვეობით გავაკეთეთ გაფრთხილება საქართველოს დემოკრატიისთვის გარდაუვალი საფრთხის შესახებ, მათ შორის სიმპტომატური ასპექტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იყო მთავრობის მუდმივ მცდელობებთან, ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას, შეზღუდოს ჩვენი საზედამხედველო როლი და „მტრის“ იარლიყი მოგვაკრას.
შეგახსენებთ, რომ „ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გაგებით, რომ ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში, გადაიდგმება. მეცხრე ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება, ხოლო პირველი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი:
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიწვიოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ისევე როგორც სხვა კანონპროექტები, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო სივრცის შეკვეცისკენ;
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე;
- სრულ სოლიდარობას უცხადებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმის ხელმძღვანელობას და წევრებს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებაში, დაასრულოს ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და გადაწყვეტილებაში, შეაჩეროს ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს პარლამენტთან;
- მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება და მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ამ რთულ ვითარებაში, განაახლონ ფინანსური მხარდაჭერა ქვეყანაში შეხედულებების პლურალიზმის უზრუნველსაყოფად;
- მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, ყურადღებით დააკვირდნენ პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და არ წავიდნენ კომპრომისებზე ან დათმობებზე, როდესაც საქმე ეხება საქართველოს რეფორმების პროგრესის შეფასებას ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების პაკეტში გაწერილი 9 ნაბიჯის შესაბამისად;
- მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ევროკავშირში და საერთაშორისო ორგანიზაციებს, კიდევ ერთხელ გამოუცხადონ სოლიდარობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და განაგრძონ მსგავსი საკანონმდებლო მცდელობების საჯაროდ დაგმობა.