საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღება ქვეყნის ევროპული გზიდან გადაყვანის მცდელობად შეაფასა. ამის შესახებ მან ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმეა ის წერტილი, რომელიც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით, 84 ადამიანის მიერ. ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, მცედლობა, ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო, რომელიც მყარად იდგა შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი და დაბრუნებული ყოფილიყო წარსულში. ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა 30 დღიანი, პრაქტიკულად ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით. ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზეც ყველა ვსაუბრობდით, რომ 80 თუ 85 პროცენტი ჩვენი საზოგადოების მხარს უჭერს ევროპულ მომავალს არ იყო მხოლოდ ციფრები და ეს არის ის რეალობა, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ ჩვენს ქუჩებში და რითაც ნამდვილად შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, თბილისის ქუჩებში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი ასევე არის მტკიცებულება იმისა, რომ ქართული საზოგადოება ნამდვილად დგას ევროპულ ღირებულებებზე. „დემოკრატია,თავისუფლება და ის, რისთვისაც საქართველო ყოველთვის იბრძოდა - დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებით და ამ შემართებით არასოდეს დაუბრუნდება რუსულ წნეხს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე ვეტოს საკითხიც განიხილეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს „ძალიან გარკვევით“ აუხსნა, რომ რუსულ კანონზე ვეტოს დადებით არავითარ შემთხვევაში არ შევა „რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში“.
„არა და არასოდეს! რადგან მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი ჩვენი მეგობრების მიერ მიტანილი იქნება ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენო იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას. დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი.
ამისათვის, ჩვენს მეგობრებს გავაცანი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ერთობლიობა იმ გადაწყვეტილებების, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთობით და მობილიზებულად და რომელიც ამ არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე საქართველოს.
ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს და ევროპულ გზაზე.
მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც მეგობრები არიან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაბრუნების პირველი დღიდან, რომლებიც პრაქტკიკულად ყოველდღე გვეხმარებიან, რომლებმაც მოგვცეს შანსი მიგვეღო ჯერ ასოცირება, შემდეგ ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ისინი იქნებიან ჩვენს გვერდით, როგორც კი ჩვენს გზას დავუბრუნდებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს უკან გაწვეული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში ხელახლა დააინიცირა და ექვს კვირაში სამივე მოსმენით მიიღო. მას მხარი „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსული კანონი, რომელიც უცხოეთის აგენტებად აცხადებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, საქართველოს ყველა დასავლელმა პარტნიორმა დაგმო, როგორც შეუთავსებელი ევროპულ ნორმებთან/ღირებულებებთან და შეუფერებელი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14-დან 28 მაისამდე პერიოდში, ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია კანონთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება, თუ წარმოდგენილი იქნება „კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები“.
იმ შემთხვევაში, თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ მოვა, აშშ-ის მხრიდან სანქციებია მოსალოდნელი.