უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ხუთდღიანი, ე.წ. რეფერენდუმების „საბოლოო შედეგები“ ცნობილია - ზაპოროჟიეში, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთის შემადგენლობაში ოლქის შესვლას მხარი დაუჭირა ამომრჩევლების 93.11 %-მა, ლუგანსკში - 98.42 %-მა, დონეცკში - 99.23 %-მა და ხერსონში - 87.05 %-მა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!“- დაწერა თავის ტელეგრამ არხზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ე.წ. რეფერენდუმების „საბოლოო შედეგების“ გამოცხადებამდე.
რუსეთის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიების ინფორმაციით, ზაპოროჟიეში „რეფერენდუმში“ მონაწილეობა მიიღო 541 093-მა (85%) ამომრჩეველმა, ლუგანსკში 1 662 607-მა (94.15 %), დონეცკში 2 131 207-მა (97.51 %) და ხერსონში 571 001-მა (78.86 %).
რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში 23-27 სექტემბერს ჩატარდა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმები მსოფლიოს თვალწინ ჩადენილია ფარსია - ადამიანებს ავტომატების ქვეშ აიძულებდნენ რაღაც ქაღალდების შევსებას და რუსეთი ე.წ. რეფერენდუმებით ცდილობს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას.
ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, რომ რუსეთს უნდა ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და გაირიცხოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან. ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ფსევდორეფერენდუმების აღიარება „ყირიმის სცენარის“ რეალიზაცია იქნება.
ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის ოკუპირებული ოლქების რუსეთთან შეერთების საკითხს რუსეთის ფედერაციის საბჭო, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს განიხილავს.
ოკუპირებული ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა, ე.წ. რეფერნდუმის დასრულებისთანავე მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მიიღოს ლუგანსკი რუსეთის შემადგენლობაში.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პრორუსული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შესახებ 20 სექტემბერს განაცხადეს. მანამდე უკრაინის არმიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკოვის ოლქის ნაწილი რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა და წარმატებულ კონტრშეტევას აგრძელებდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯერ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ომის შედეგად რუსეთმა ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების დიდი ნაწილის ოკუპაციაც მოახდინა. რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.
რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმებს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მათი ჩატარება სასაცილოც კი იქნებოდა, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ეს 2014 წელსაც გააკეთეს, რაც დაახლოებით ასე გამოიყურება: პირველ რიგში, ნიშნავენ მარიონეტ ჩინოვნიკებს, რომლებიც განაცხადებენ, რომ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ, შემდეგ კი ამას გამოიყენებენ როგორც საფუძველს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიის ლეგიტიმაცია მოითხოვონ. ასეთ ფიქტიური რეფერენდუმების მიმართ არავის აქვს ნდობა და აშშ, რა თქმა უნდა, არ აღიარებს ყალბი არჩევნების შედეგებს“, - თქვა პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა.
ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია უწოდა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ასეთი უხეში დარღვევა და უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს.