„ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან“ - კრამონი გვარამიას შეწყალებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალებით რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას მის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი დარჩა“, - დაწერა ევროპარლამენტარმა Twitter-ზე.

ნიკა გვარამიას შეწყალებას სხვა ევროპარლამენტარებიც გამოეხმაურნენ. მირიამ ლექსმანის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და „გამოასწორა უსამართლობა ნიკა გვარამიასადმი, ვისი პატიმრობაც მართლმსაჯულების დაცინვა იყო“.

„მე მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია“, - დაწერა Twitter-ზე რასა იუკნევიჩიენემ.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი აღნიშნავს, რომ საქართველოდან მიღებული ახალი ამბით გახარებულია.

„ცრემლიანი თვალებით ვკითხულობდი, რომ ნიკა გვარამიამ ციხე დატოვა. დღეს უნდა გავიმეორო, რომ უნდა გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მას სჭირდება საქართველოს გარეთ მკურნალობა“, - წერს რებეკა ჰარმსი.

„მივესალმები ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მე ამას ვხედავ როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ და კიდევ ერთხელ ერთგულებას გამოხატვისა და მედიის თავისუფლებისადმი“, - აღნიშნა ანა ფოტიგამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც 2022 წლის 16 მაისს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 ივნისს შეიწყალა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ამით ყველა სამართლებრივი საფეხური ამოიწურა. „არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და მიიჩნევენ, რომ ის კანონის უზენაესობას უთხრის ძირს.

„ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. 

21 ივნისს ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ზეპირი მოხსენება წარადგინა. მისი თქმით, საქართველოს არანაირი წინსვლა არ აქვს იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც მედიის პლურალიზმსა და მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლებრივ პროცედურებს ეხება. გარკვეულ პროგრესად შეფასდა პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯები. 12 რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირი მზად არის, საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიში ოქტომბერში მომზადდება.

 

ამ თემაზე:

„კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრა“ – „ოცნების“ წევრები გვარამიას შეწყალებაზე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.