საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად აქციოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
ზურაბიშვილის თქმით, აფხაზური ენის გადარჩენა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობითაა შესაძლებელი.
„დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ რიგში, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა.
სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს შუმერულ ენაში სიბრძნის სამყოფელ მიწისქვეშა მდინარეს ეწოდებოდა. სიბრძნემ უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან, სიბრძნის ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა და თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
აფხაზური ენის დაცვის მოწოდებით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მისი თქმით, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაცია და მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაცია „დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს“.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ერთიანი ძალისხმევა ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, რომ გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ უნიკალური აფხაზური ენა, მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მისი შესწავლითა და აფხაზური ვაქციოთ კავშირების შემდგომი განმტკიცების და ახალი შესაძლებლობების ენად მშვიდობის და ნდობის მშენებლობის პროცესში. Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа! ერთად დავიცვათ აფხაზური ენა!“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში აფხაზური ენის დღე 27 ოქტომბერს 2007 წლიდან აღინიშნება. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო/UNESCO) აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაში 2011 წელს შეიტანა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ სიაში აფხაზური ენის დამატების შესახებ იუნესკოსთვის არ მიუმართავთ და „მიუღებელია აფხაზური ენის განვითარების განხილვა“ მათთან ურთიერთობის გარეშე: „საქართველოს მიერ აფხაზური ენის თემის პოლიტიზირება და მისი საერთაშორისო დონეზე გატანა აფხაზეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ღია ჩარევაა“, - აცხადებდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 წელს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური.
