ევროკომისია დირექტივებს ტყუილად არ ამზადებს - ბოჭორიშვილი შოლცის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მსგავსი კანონები არ მოქმედებს, ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ევროკომისიამ შეიმუშავა დირექტივა, ესეც ცხადია და ევროპარლამენტში განიხილება. მართალია, ის ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა განხილვის პროცესშია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის კრიტიკულ განცხადებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკომისია დირექტივებს ტყუილად არ ამზადებს.

„მისი მიზანი არის სწორედ ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობისთვის შეიქმნას ერთგვარი ჩარჩო, მათ შორის, გერმანიაშიც არის მსგავსი კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიღებული ნებისმიერი კანონი შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეიძლება, გამჭვირვალობას სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეს საქართველოსთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის. გამჭვირვალობას აქვს ერთადერთი სტანდარტი, ის ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე საქართველოში. ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება, მომზადებულია დირექტივა. ეს საჯარო ინფორმაციაა და ყველას შეუძლია, ამის გადამოწმება, ნახვა.

ევროკომისია დირექტივებს ტყუილად არ ამზადებს. ევროკომისიის მიერ დირექტივის შემუშავება ნიშნავს, რომ ეს საკანონმდებლო პროცესი დაწყებულია და ლოზუნგების დონეზე მისი შეჩერება არ მოხდება ისე, როგორც საქართველოში ჰქონდა ამ საკანონმდებლო პროცესს შეჩერების მცდელობა.

რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი განიხილავს ამ კანონპროექტს და, დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მიიღებს. რა თქმა უნდა, ზუსტად რთულია, თქმა როგორი ფორმით, მაგრამ ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც შეეხება გამჭვირვალობას, ბუნებრივია, ამ დირექტივაში დარჩება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს არ მიიღებს. შოლცის თქმით, გერმანია, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას „ძალიან კრიტიკულად“ უყურებს. პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟუნალისტმა კანცლერს ჰკითა, რატომ არიან შეშფოთებული საქართველოს ევროპელი პარტნიორები, „თუკი იგივე ან მსგავსი რეგულაციები ევროპასა და შეერთებულ შტატებში მოქმედებს“, რაზეც ოლაფ შოლცმა უპასუხა:

„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფციაა, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი“.

ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი დაიცვა, არასამთავრობო ორგანიზაციებს კი გამჭვირვალობის ნაკლებობაში დასდო ბრალი. კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციები ძალიან მყარია და მზად არიან ქართველ, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან დისკუსიისთვის.

აპრილის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ წარადგინა რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში, მასშტაბური პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად თქვა. მმართველი პარტია ეცდება კანონპროექტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).