„კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, რაც რომელიღაც ევროკომისარმა თქვა - ბევრი კომისარია, ისინი მუდმივად იცვლებიან და ყველანაირ სისულელეს ლაპარაკობენ“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კრემლში, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პროპაგანდისტული მედიასაშუალება Russia Today-ის წარმომადგენელმა პუტინს შეკითხვა დაუსვა იმ ლიდერებთან დაკავშირებულ „უცნაურ ტენდენციაზე“, რომლებიც „კოლექტიურ დასავლეთს“ არ ეთანხმებიან. ჟურნალისტის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. „ამას როგორ უყურებთ? ეს ახალი მსოფლიო წესრიგია თუ კოლექტიური დასავლეთის ახალი პოლიტიკა?“, - იკითხა ჟურნალისტმა.
„თუ ნამდვილად ისეა, როგორც თქვით, მაშინ, ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გარდა „პოლიტიკური სისულელისა“. ეს უბრალოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ, საშუალო დონის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ამ მიმართულებაზე, იზრდება. ჩვენ თვითონ ხშირად ვაწყდებით ამას. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს“, - თქვა პუტინმა.
23 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით, „მთელი რიგი“ მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა“. როგორც კობახიძემ თქვა, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო.“
„როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ რობერტ ფიცოზე თავდასხმის უკან „წინასწარი ინფორმაციით“ იკვეთება „ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული“.
მოგვიანებით, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ირაკლი კობახიძემ მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან სრულად ამოგლეჯილად გაავრცელა. „არა მხოლოდ მთლიანად იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არამედ ისე იყო წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, რომ ამას შეეძლო, გამოეწვია ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველად განსაზღვრული მიზნის სრულიად არასწორად ინტერპრეტაცია“, - განაცხადა უნგრელმა ევროკომისარმა.