Freedom House: საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ყალიბდება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ვაშინგტონში ბაზირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველო - უნგრეთთან და სერბეთთან ერთად - ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში მოხვდა. ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელია „დომინანტი ძალის პოლიტიკა“, სადაც ოპოზიციას ან სამოქალაქო საზოგადოებას აქვს გარკვეული სივრცე ფუნქციონირებისთვის, თუმცა მმართველ პოლიტიკურ ძალას შეუძლია აღკვეთოს ნებისმიერი ცვლილება ქვეყნის ხელმძღვანელობაში. ოპოზიციას ან სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ მთავრობის პოლიტიკაზე, შეზღუდულია.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო, სერბეთი და უნგრეთი ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად ყალიბდებიან: „საკვანძო ინსტიტუტები, მედიიდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრბული, გასცდნენ პოლიტიზაციის დონეს, რომელიც მოსალოდნელია ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური განმარტებებით. ახლა ისინი ფაქტობრივად მმართველი პარტიების მიერ არიან მიტაცებული და ბოროტად გამოყენებული პარტიული ან პირადი სარგებლისთვის“.

„ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს რეჟიმები უბრალოდ უგულებელყოფენ განსხვავებულ აზრს, მაგრამ რეალურად მეტად სავარაუდოა, რომ ისინი კრიტიკოსებს ახშობენ უფრო ფარული ტაქტიკით, როგორიცაა სახელის გატეხვა, დაშინება და თვალთვალი“, - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ეს არის ის, რის წინაშეც 2023 წლის განმავლობაში სერბეთის სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და ოპოზიციური მოძრაობა „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ დადგა. 

სხვა შემთხვევებში, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ღიად დაშინებისა და შეზღუდვის მიზნით კანონებს იღებენ. მაგალითად, ახლახანს უნგრეთში მიიღეს სუვერენიტეტის დაცვის აქტი, რომლის საფუძველზე შექმნილ სახელმწიფო ინსტიტუტს ექნება უფლება გააკონტროლოს არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობა.

„როდესაც საშინაო და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმების ეს ქვეკატეგორია შეიძლება იძულებული გახდეს, კონკრეტულ საკითხებზე დათმობაზე წავიდეს - როგორც, მაგალითად მაშინ, როდესაც 2023 წლის მარტში საერთაშორისო აღშფოთებისა და მასობრივი პროტესტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვია „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული სტილის კანონი.

ის, რაც განასხვავებს ავტოკრატიისკენ მიმავალ ჰიბრიდულ რეჟიმებს ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმებისგან, არის შეკრების თავისუფლების პატივისცემის მინიმალური, მაგრამ რეალური ზღვარი და ის ფაქტი, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად“, - წერს Freedom House-ი.

ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმებია უკრაინა, მოლდოვა და კოსოვო. აღნიშნულია, რომ გასულ წელს უკრაინა განაგრძობდა მნიშვნელოვან პროგრესს სასამართლო და ანტიკორუფციული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და კორუფციის გამოძიებაში, ხოლო საქართველოს მაჩვენებლები იგივე დარჩა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).