„საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას. ეს ფაქტი განგაშის ზარებს უნდა რეკავდეს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია, - განაცხადა უფლებადამცველთა საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე. მან საქართველოში რვადღიანი ვიზიტი შეაჯამა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„როდესაც საქართველოში ჩემი ვიზიტი დავიწყე, გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მოჩვენებითი ღიაობით საქართველოს
ხელისუფლება ცდილობს შენიღბოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის ძირგამომთხრელი სისტემური ძალისხმევა.
სიმწვავეს ინარჩუნებს პრობლემები, რომლებიც ეხება ჟურნალისტების და მედიის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილე პირების დაუსჯელობას, ვინც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს აშუქებენ. მე ამ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დამცველებად მივიჩნევ. ჩემთვის ნათელია, რომ ეს ადამიანები მაღალი რისკის წინაშე დგანან და რომ სახელმწიფო საკმარის ზომებს არ იღებს იმისთვის, რომ მათ შურისძიების შიშის გარეშე შეასრულონ საკუთარი მოვალეობა.
გარკვეულწილად, ხელისუფლებაც უშლის ხელს ჟურნალისტულ საქმიანობას, როგორც ამას სხვადასხვა ანგარიში და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე რეაგირების დაბალი მაჩვენებელი მოწმობს. გარდა ამისა, შეშფოთებას იწვევს პარლამენტის მიერ ახლახან ინიცირებული ქცევის კოდექსი, რომელიც, როგორც ჩანს, იმ ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად მოიაზრება, რომლებიც პარლამენტარებს დისკომფორტს უქმნიან.
მე კვლავაც გავაგრძელებ საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას და ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე, 2025 წლის მარტში, ვითანამშრომლებ მთავრობის წარმომადგენლებთან. მაგრამ, უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას“, - აღნიშნა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა და ხაზი გაუსვა, რომ აშკარაა ამ პრობლემების მოგვარებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
მერი ლოლერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა ე.წ. „გადატრიალების საქმეზე“ და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებზეც.
„როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამ საკითხებს შევეხე, მათ მირჩიეს კადრები მენახა. ასეც მოვიქეცი. ჩემი აზრით, ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისცემდა ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს. სამდღიან ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. შეთქმულების მტკიცებულებად გამოქვეყნებული ჩანაწერი 8-წუთიანია და აშკარად დამონტაჟებული. ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არცერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე. ამ სიუჟეტის, როგორც შეთქმულების მტკიცებულების წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები და საზოგადოების თვალში მოახდინონ ფუნდამენტური უფლებების დაცვის, როგორც პრაქტიკისა და განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებისა და სტუდენტების დელეგიტიმაცია, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვით ცდილობენ.
ტრენინგის შესახებ ვოდეოჩანაწერის გამოქვეყნებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაორაზროვნად მიანიშნა ტრენინგის ორგანიზატორ ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომელიც საზოგადოებაში 2021 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსმენდა მრავალ უფლებადამცველსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას შესაბამისი რეაგირება მოეხდინა ამ ფაქტზე, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებით, რომელთა შედეგადაც კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა მერი ლოლერმა.
მისივე თქმით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას. მან ხელისუფლებას მოუწოდა, ცვლილებები გააუქმოს.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის კრიტიკულ ანგარიშს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ანგაჟირებული და ყოვლად გამაოგნებელი უწოდა.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გამაოგნებელი განცხადება, თავისი უპასუხისმგებლობით და უსამართლობით, რაც გაეროს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ. გაერო პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს არასდროს აკეთებდა. ეტყობა სპეციალური რაღაც ამოცანა აქვს, არ ვიცი, ვისი ზემოქმედებით მოქმედებს, რამ განაპირობა მისი ეს განცხადება, მაგრამ ყველა თემა შეიძლება იქნას შეფასებული, როგორც გამაოგნებელი უსამართლობა, ძალიან რბილად. არ ეკადრება გაეროს და არ შეესაბამება მის სტრუქტურას საერთოდ და საქმიანობას საქართველოში. გამაოგნებელი იმას ჰქვია, რომ გაგაოგნებს თავის უსამართლობით, არაპროფესიონალიზმით და საერთოდ, გაეროს მანდატთან შეუსაბამობით“, - განაცხადა ვოლსკიმ.