საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ორგანიზაციების გამჭვირვალობის მიღწევა რუსული კანონის გარეშეც არის შესაძლებელი და პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დღეს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში განმეორებით ინიცირებას და განაცხადა, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა ლეგიტიმურ მიზანია, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მარტივად იქნას მიღწეული „გრანტის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით.
2020 წლიდან საქართველოში არსებობს eAIMS მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. აღნიშნული ბაზა განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ. ამავე პორტალზე, ძალიან იოლი საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელია ინახოს ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაზე ინფორმაცია.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ერთი წლის წინ პარლამენტში ინიცირებული მსგავსი კანონპროექტები ეუთო/ოდირმა „ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამო ინიციატივებად“ მიიჩნია.
ომბუდსმენი კონსტიტუციის 78-ე მუხლს ციტირებს, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
„აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთო/ოდირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.
შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის ორგანიზაციებთან სხვადასხვა სახის (შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო) ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების საფუძველს, რაც შესაძლოა ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას, განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონპროექტის ავტორებთან დამატებითი კონსულტაციები გამართოს.
„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.