საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება 2 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.
„განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“, - განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან პოლიციელებმა ათამდე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელი, სახალხო დამცველის ყოფილი წარმომადგენელი საბა ბრაჭველი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე და აქტივისტი ნიკა რომანაძე. დაკავებულების ნაწილს ხელში ეჭირა პლაკატები წარწერით „ირაყლი“, ნაწილს კი - ცარიელი ფურცლები.
მთელი ღამის განმავლობაში დაკავებულთა ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ადვოკატების განცხადებით, ისინი მალულად, ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს სხვა ქალაქებში და მათი ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ გამთენიისას მიეცათ, რაც დაცვის უფლების უხეში დარღვევაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულებს დაკავების 24-საათიანი ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივა.
შოთა თუთბერიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც 2 ივნისის საღამოს დააკავეს. ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ის კიბეზე იჯდა და ფეხებთან ედო პლაკატი წარწერით „ირაყლი“, როდესაც პოლიციის ათამდე თანამშრომელი მიუახლოვდა. თუთბერიძისთვის პლაკატის წართმევის მცდელობის შემდეგ, მათ ის ადგილიდან გაიყვანეს და საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს. შოთა თუთბერიძე მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს. მისი თქმით, პოლიციელების მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში წერია, თითქოს ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რაც სიცრუეა. თუთბერიძისა და კიდევ ორი აქტივისტის დაკავების შემდეგ პარლამენტთან უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო ედუარდ მარიკაშვილიც, რომელიც პოლიციამ ცარიელი ფურცლის გამო დააკავა.
პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა „ჯიუტის“ ორგანიზებით, მცირერიცხოვანი მშვიდობიანი აქციები ყოველ საღამოს იმართება. ბოლო დღეებში მოქალაქეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ. პრემიერმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად NATO-ს გაფართოება დაასახელა.
1-ელ ივნისს, პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს წაართვეს და დაუხიეს პოსტერები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები იყო დაბეჭდილი და ეწერა „დაახასიათეთ ერთი სიტყვით“. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთათვის საპროტესტო ბანერების წართმევა არ შეესაბამება სამართალდამცავთა ვალდებულებას, ხელი შეუწყონ გამოხატვის უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით.
იმავე საღამოს დააკავეს ბექა გრიგორიადისი - „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ მარტში გამართული აქციების დაკავებული მონაწილის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამა, რომელიც შვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობის უკან „ერთი კაცის აქციას“ მართავდა. პოლიციელებმა მას კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და ადმინისტრაციული წესით, დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.