გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, რომლითაც რუსი ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს, გასულ წელს, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით გადასცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა.
კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რაჭაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაცული ტერიტორიების შექმნაზე მუშაობა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.
სამინისტროს შენობასთან 18 ნოემბრიდან აქციას მართავს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ლიცენზიის გაუქმება იყო. მოძრაობის ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი პროტესტის შეწყვეტას ჯერ არ აპირებენ, რადგან მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ რაჭაში დაცული ტერიტორიების გაზრდასთან და ამ პროცესში ადგილობრივების ჩართვასთან დაკავშირებით, ასევე, 29-30 ნოემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომები მოძრაობის იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც 18 ნოემბერს დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით.
სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის რაჭასა და ქვემო სვანეთში, 49 წლით, 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემის ამბავი „მთის ამბებმა“ პირველად 2022 წლის 22 აპრილს გაახმაურა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
2023 წლის 17 ივლისს „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია. გამოძიებამ გამოავლინა მრავალი კანონდარღვევა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
24 ივლისს, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ და ხათუნა სამნიძემ პრესკონფერენცია გამართეს და პროკურატურისგან დარღვევების გამოძიება მოითხოვეს. დეპუტატებმა ისაუბრეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც. პრესკონფერენციის გამართვამდე ისინი საქმის დეტალებს რაჭაში გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.