მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც ცნობილია ნამოხვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ ბრძოლით, 2 დეკემბერს, ქუთაისში აქციას გამართავს გელათის ტაძრის დასაცავად. მოძრაობას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს - სახელმწიფო უწყებებმა საჯარო გახადონ გელათის ტაძართან დაკავშირებული ექსპერტული დასკვნები; მხატვრობის გადასარჩენად მომზადდეს პროფესიონალური სამოქმედო გეგმა; დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მიზეზითაც გელათის ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობა დაზიანდა. აქცია ქუთაისის მერიასთან 14:00 საათზე დაიწყება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„2013 წლიდან ბოლო დრომდე მიმდინარე ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოებმა გელათის მძიმე დაზიანებები გამოიწვია. ექსპერიმენტული წესით შეიცვალა სახურავი - კირდუღაბის საფარზე დაწებდა მოჭიქული კრამიტი. სახურავმა წყალგაუმტარობა ვერ უზრუნველყო, კედლები დასველდა და მარილების ფენებით დაიფარა უნიკალური კედლის მხატვრობა. ძეგლი დღესაც სველია და ჩვენს თვალწინ ნადგურდება.
წლების განმავლობაში პროცესი იყო გაუმჭვირვალე და დაფარული. დღეს, როცა გელათის დაზიანებები თვალსაჩინოა და ვეღარ მიიჩქმალება, გვესმის მხოლოდ თავის მართლება და ურთიერთბრალდებები. დავდგეთ გელათის სადარაჯოზე, რომ არ გავხდეთ მისი განადგურების თანამონაწილენი, რომ ჩვენს ეპოქას არ დაერქვას გელათის განადგურების ხანა“, - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, საკითხის ირგვლივ ბევრი ადამიანის გაერთიანება ხელისუფლებას აიძულებს, „აღიაროს გელათში ჩადენილი დანაშაულები“ და დაისახოს „კალენდარული მოქმედების გეგმა“.
დასკვნაში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაკვეთით მოამზადეს, წერია, რომ XII საუკუნით დათარიღებული გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობა მძიმედ არის დაზიანებული და „დაკარგვის პროცესშია“. დასკვნა მიმდინარე წლის მაისით არის დათარიღებული, თუმცა საპატრიარქო და კულტურის სამინისტრო რამდენიმე თვე არ ასაჯაროებდნენ.
გელათში სამუშაოები სექტემბრიდან შეჩერებულია - გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (უნესკოს) ექსპერტების ჩამოსვლისა და მათ მიერ დასკვნის მომზადებამდე. „იყო მოთხოვნა, რომ გავჩერებულიყავით და ჩვენ იძულებული გავხდით, რომ გაგვეზიარებინა. ვერაფერს გეტყვით, როგორ დახვდება გაზაფხულს ის ფრესკები, რომელთა გამაგრებაც ჩვენ ვერ მოვასწარით“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სამუშაოების შეჩერებას არ ეთანხმება.
კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოების შეფასების მიზნით, საქართველოს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია, რომელიც საქართველოში 2 დეკემბრამდე იქნება.
სააგენტოს განცხადებით, მოწვეული ექსპერტები გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და სწორედ მასზე დაყრდნობით და ქართველ ექსპერტებთან კონსულტაციით შემუშავდება სამოქმედო გეგმა. სააგენტო აცხადებს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც - შეჩერებული. მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც, იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.