„გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-2019 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავები და მინაშენები არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებითა და უდიერი მიდგომით გადახურეს. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია. მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია“, - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორებისა და მხატვრობის გადასარჩენად კონსერვაციის ჯგუფის ჩანაცვლებას ითხოვს უფრო მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
14 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში საპატრიარქო წერს, რომ გელათის მხატვრობის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტების მოწვევის ეტაპიდან იწყება დღევანდელი პოზიციების სხვაობა, რომელიც უკავშირდება, 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას:
„მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა.
სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადჰყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთის და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში; ასევე, ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველოს“ კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა და ასევე, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი. ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს“.
საპატრიარქო აცხადებს, რომ არ შედიან კონსერვაცია-რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, რადგან ეს მათ კომპეტენციას სცილდება, თუმცა, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას.
„საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად, მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივი რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან.
იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება“, - წერს საპატრიარქო.
თეა წულუკიანი, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 2021 წლის მარტში დაინიშნა, 2022 წელის სექტემბერში აცხადებდა, რომ გელათში პროცესი სწორ გზაზე იყო და პასუხს არ აგებს იმაზე, რაც იქ 2021 წლის მარტამდე ხდებოდა.
გელათის ტაძრებში ფრესკების დაზიანებაზე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, კრიტიკული და საგანგაშო დასკვნა ორი კვირის წინ გამოაქვეყნა.
ანგარიშში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი ფაქტია გამოვლენილი:
- სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანებმა შეასრულეს წინასწარი პროექტის გარეშე. სახურავში წყლის ჩაჟონვის მიზეზი გახდა არა მხოლოდ და არა იმდენად უხარისხო კრამიტი, რამდენადაც მისი არაპროფესიონალურად დაგება, არასწორად გაკეთებული ღარები, წყალსაწრეტები, კვანძები და შეერთებები კედლებთან.
- შედეგად, რამდენიმე წლის მანძილზე ყოველი ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ლიტრი წყალი ხვდებოდა კედლებსა და კამარებში. ზოგჯერ წყალი გზას პოულობდა და თქრიალით მოედინებოდა ინტერიერში (მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ აფრიდან), უდიდესი ნაწილი კი შენობამ შეიწოვა, რამაც უმძიმესი გავლენა იქონია კედლის მხატვრობაზე.
- დროებითი სახურავის მოწყობისას განმეორდა იგივე შეცდომა, რაც იქნა დაშვებული კრამიტების დაგების დროს - ის საკმარისად არ არის გამოწეული კედლებიდან.
- სახურავის ნაწილობრივმა მოხსნამ გამოიწვია შენობის არათანაბარი გაშრობის პრობლემა. ტენის აორთქლება ამ მიმართულებით წარიმართა, რამაც დასავლეთი მკლავის კედლის მხატვრობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა.
- გელათის ტაძრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.
ანგარიშის ავტორები როგორც უკიდურესად შემაშფოთებელ მეთოდოლოგიურ დარღვევას, საგანგებოდ ცალკე გამოყოფენ გელათში ორიგინალ ბათქაშზე რესტავრატორების ჩარევას - „მათ მიერ ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება არსებითად, მხატვრობის ფალსიფიკაციას წარმოადგენს და აზიანებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სახეს.
მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ დასავლეთი მკლავის მხატვრობის ავთენტური სახის შემლახავი ჩარევები პროფესიული წრისგან მალულად შესრულდა - მას არ გაუვლია პროფესიული შეფასების, რეცენზირების თუ დამტკიცების არცერთი რგოლი.
ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ ამ საგანგაშო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო კულტურის სამინისტროს აუდიტმა.