ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, არც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ამ ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, ათასობით, ასი ათასობით ადამიანსაც კი ვხედავდით, რომლებიც გამოდიოდნენ ქუჩებში და ამბობდნენ - „მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და გამოვხატავ ჩემს სურვილს, ვიყო ევროპის ნაწილი“.
დიახ, მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი იმ კუთხით, რომ შეგვიძლია განვაგრძოთ ურთიერთობა, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს არც ოჯახთან და არც იმასთან, თუ რა გრძნობები და შინაგანი სენტიმენტები გვაქვს. ეს არის სამართლებრივი პროცესი. თქვენ კი არ უერთდებით ოჯახს, თქვენ უერთდებით ორგანიზაციას, რომელსაც თავისი კონტრაქტი და დაწერილი წესები აქვს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მთავარი წესი არის ის, რომ თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ ჩვენი სტანდარტი“, - განაცხადა ფიშერმა „ბიემჯისთან“ ინტერვიუში.
გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა საქართველოსთვის სანქციების დაწესება, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ სანქციები საკმაოდ ფართო ცნებაა და პირველ რიგში, ნეგატიურ რეაქციას გულისხმობს.
„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სახელით რომ ვისაუბრო, ჩვენი პირველი რეაქცია არის ის, რომ ძალიან ცალსახად განვაცხადოთ, ამ კანონით თქვენ ვერ შეუერთდებით ევროკავშირს, ამ კანონით თქვენ ვერ გახსნით გაწევრიანების მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ძალიან მარტივია: თუ გსურთ შეუერთდეთ ევროკავშირს, უნდა დააკმაყოფილოთ ჩვენი საკანონმდებლო სტანდარტები - ნორმები და ღირებულებები. ეს კანონი არ არის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი პირველი გზავნილი“, - აღნიშნა ელჩმა.
პიტერ ფიშერმა საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაზეც გაამახვილა ყურადღება:
„თუ გსურთ კავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად აკრიტიკებთ მას, როგორც სახიფათოს და უწოდებთ გლობალური ომის პარტიას (ეს ჩემი ტერმინი არ არის და ჩემი აზრით, ასეთი რამ არც არსებობს), მაშინ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა - შეგვიძლია თუ არა ჩვეულებრივად ვიურთიერთოთ? ვართ თუ არა ახლა პარტნიორები, თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები?
ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ. გარკვეული მიზეზის გამო, რომელსაც ბოლომდე ვერ ვხსნი, მთავრობამ აირჩია რიტორიკა, რომელიც არის ანტიევროპული, თესავს შიშს, მტრებს ელიან ყველგან, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის სახით. ახლა ჩვენ ერთგვარი სახიფათო მტრები ვართ. მე ვიტყოდი, რომ არა, ჩვენ არ ვართ გლობალური ომის პარტია, ჩვენ ვართ გლობალური მშვიდობის პარტია. ევროკავშირი არის ფანტასტიური პროექტი, რომელიც უკავშირდება მშვიდობას“.
გერმანიის ელჩმა გაიმეორა, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა 9 მიმართულებით გადადგამდა ნაბიჯებს. „ჩვენ თითქმის ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ. ამის საპირისპიროდ, ვხედავთ ამ კანონით უკან გადადგმულ ნაბიჯს. ახლა 10 კანდიდატი ქვეყანაა. საქართველო მათ შორის მოწინავე იყო და ამჟამად ფაქტობრივად ბოლო ადგილზე დგას“.