საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს და გადაწყვიტა, ახალი ვალდებულებები არ აიღოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ელჩის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
„ახლა ეს ევროკავშირის პოლიტიკაა და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შეიძლება ყველაფერი სრულიად განსხვავებულად იყოს, ჩვენ შეიძლება წინ ძალიან სწრაფად მივდიოდეთ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია.
რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვაწარმოებთ. როგორც იცით, ჩვენ ძალიან ფართო და ღრმა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. ასევე, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმა. ჩვენ გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ შემდგომ მოქმედებებს განვიხილავთ“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გერმანიის ელჩის თქმით, ქართველებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ევროკავშირში გაწევრიანება: „ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ, მაგრამ თქვენ იცით პროცესი. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, მაშინ თქვენ გაწევრიანებას ვერ შეძლებთ. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებმა და ქართველმა მეგობრებმა უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის. თუ ეს გსურთ, ჩვენს კურსს უნდა დაუბრუნდეთ“, - აღნიშნა დიპლომატმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია. მისი თქმით, ბოლო დროს საქართველოში ხედავენ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების დაშინებას, დეზინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირისა და მისი ფასეულობების შესახებ.
„ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.... თვეების განმავლობაში ჩვენ ვაგზავნიდით მკაფიო სიგნალს, რომ თუ კანონი [იგულისხმება რუსული კანონი - რედ.] მიღებული იქნებოდა, ამას მოჰყვებოდა შედეგები. კანონი მიღებულ იქნა და დადგა შედეგების დრო. ახლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ნაცვლად ამისა კი ის უდაბლეს დონეზეა“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაწყებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც.