გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენთან, ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს სამხედრო მოსამსახურე, 41 წლის ირაკლი აფრიამაშვილი. თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ კაპრალმა თავი მოიკლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
ირაკლი აფრიამაშვილი ახალციხიდან იყო. გორში ის ბოლო ორი წლის განმავლობაში მსახუროდა.
„სამხედრო მოსამსახურე დათხოვნაში იმყოფებოდა. გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას ჩამომხრჩვალი იპოვეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბოლო ორ კვირაში, ეს გორში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
28 დეკემბერს ნაქირავები ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს კაპრალი, 41 წლის ივანე გოგიძე. როგორც თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა.
2023 წლის წლის 28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე 19 წლის რევაზ ჩხეიძე დაიღუპა. ახალგაზრდას, რომელიც ხობიდან იყო, სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთ თვეში უნდა დაემთავრებინა. გარდაცლილის ახლობლების თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა. თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
2023 წლის 8 ივნისს მარნეულის სამხედრო ნაწილში დაიღუპა 18 წლის იუსიფ ნასიბოვი, რომელიც ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. სამინისტროს წინასწარი ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.
2023 წლის 28 აპრილს, გვიან ღამით თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს სერჟანტი, 45 წლის მამუკა მელაძე. სამინისტროს განცხადებით, სერჟანტმა თავი ჩამოიხრჩო. გამოძიების დასრულებამდე უწყებამ თქვა, რომ მომხდარი სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდებოდა.
თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნებული არ აქვს. თუმცა, თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებლის გამო, უწყებაში ჯერ კიდევ 2015 წელს შეიქმნა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი. ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ჯარში სუიციდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (გემბლინგი) და აქედან დაგროვილი ვალები იყო. სამინისტროს ინიციატივით, კანონში ცვლილებები შევიდა და სამხედროებს აზარტული თამაშები აეკრძალათ. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი ახლაც ფუნქციონირებს, თუმცა მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია არ მოიპოვება.
ამ თემაზე წაიკითხეთ სტატია:
„შვილი ჯარში ჯანმრთელი გავგზავნე, მკვდარი დამიბრუნეს“ - სუიციდი თავდაცვის ძალებში
