„გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვაში ადანაშაულებს. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, ხმების მოპარვა ორი „სქემით“ ხდებოდა, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურას მიმართავენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენი საზოგადოება 6-დღიანი ბულინგის ქვეშ არის, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, თითქოს ხმები მოიპარეს, თუმცა არცერთი მტკიცებულება ამის შესახებ, რეალური ფაქტი ვინმეს არ წარმო„უდგენია. დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ „ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რა კონკრეტული ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით.

მათ რომ არ ეგონათ, რომ გაუხმაურდებოდათ ეს ამბავი, ასეთი ფაქტებია აღმოჩენილი. როდესაც აქეთ გვაბრალებენ, ახლა მათ ვაჩვენებ, რეალობა რა არის:

გვაქვს 81 დადასტურებული ფაქტი და ეს უკვე სისტემურობაზე მიუთითებს, რომელსაც დღესვე წარვუდგენთ საქართველოს პროკურატურას.

რადგან ისინი მტკიცებულებებს არ წარუდგენენ, ვერ წარუდგენენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ. რადგან ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამას ჩვენ გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ დეტალების შესახებ, რათა ამ ქვეყანაში ვერავინ შეძლოს სავარაუდო დანაშაულების ჩადენა.

კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც აცხადებენ, ვიცით და იდენტიფიცირებული გვყავს როგორც „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და ხვდებოდათ სიიდან თავისი თავი ამოღებული. ირკვეოდა, რომ ისინი „ნაცმოძრაობის“ კლასტერის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნულები იყვნენ მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში, ხშირ შემთხვევაში - მოშორებით მათი ჩაწერის ადგილიდან. შესაბამისად, ჩვენი მომხრეები ხმის მიცემას ვეღარ ახერხებდნენ, მათგან ბევრმა მოახერხა, ბევრმა - ვერ მოახერხა. მაგალითად, თბილისის შემთხვევაში - დიდუბეში მცხოვრები ნონა ნემსაძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა 27-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც მივიდა, აღმოაჩინა, რომ დანიშნული იყო „ევროპული საქართველოდან“ ნინოწმინდაში წარმომადგენლად, 25-ე საარჩევნო უბანზე.

ასეთი გვაქვს 81 იდენტიფიცირებული შემთხვევა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მოპარეს ხმა და კონკრეტულ ადამიანებს არ მისცეს საშუალება, ხმა მიეცათ იქ, სადაც იყვნენ ჩაწერილები - ისინი ამოღებული იყვნენ საარჩევნო სიიდან, იმიტომ, რომ სპეციალურ სიაში შეიყვანეს მოტყუებით, მათი პირადი მონაცემების მოპოვებით.

ჩვენ ამ სიას გადავუგზავნით პროკურატურას და დეტალურად ვთხოვთ მათ, გამოიძონ ეს საკითხები - ვინ და როგორ მოიპოვა მათი პირადი მონაცემები და როგორ დანიშნა სხვაგან მათი პარტიის წარმომადგენლად „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ეს არის გამოძიების საქმე და საქმე გავქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც მოქალაქეს ხელი ეშლება, თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს.

აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ და როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს მოქალაქეებს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს შესაბამის ფურცელზე. ასეთი მონაცემები გაუქმდა. ეს არის მეორე სქემა, რომელსაც კადრულობდნენ იმ შემთხვევაში, თუ წილისყრის საფუძველზე ისინი მოხვდებოდნენ გადასატან ყუთთან“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ აქვთ სხვა ცნობებიც, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც ცდილობდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები „გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში“.

„მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები, ამაზე არ ვისაუბრებთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.92% მიიღო, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს შორის ხმები ასე განაწილდა: „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11.034%; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 10.17%; „ძლიერი საქართველო“ – 8.808%; „გახარია საქართველოსთვის“ – 7. 777%. არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია ამ შედეგებს არ აღიარებს. მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა, საჭიროა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და ახალი არჩევნები დაინიშნოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.