ოთხ თვეში ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 9586-მა მოქალაქემ მოითხოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კახა მჭედლიძის ფოტო

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ მზარდია. 2023 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 9586-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც 1731-ით მეტია 2022 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემების მიხედვით, იანვარში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი საქართველოს 2535-მა მოქალაქემ შეავსო (აქედან ასეთი განაცხადი პირველად წარადგინა 2277-მა, ხოლო 258-მა განმეორებით), თებერვალში - 2269-მა მოქალაქემ (2045-მა პირველად), მარტში - 2600-მა მოქალაქემ (2292-მა პირველად), ხოლო აპრილში - 2182-მა მოქალაქემ (1936-მა პირველად).

საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თავშესაფარს გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ითხოვენ. ამ ქვეყნებს მოჰყვება ბელგია, ირლანდია და ესპანეთი.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ორგანოები თავშესაფრის განცხადებების დიდი რაოდენობის გამო ზეწოლას განიცდიდნენ. მხოლოდ აპრილში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქისგან დაახლოებით 75 000 თავშესაფრის განაცხადი შევიდა, რაც ემატება 687 000 განაცხადს, რომელზეც ჯერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც კი არ არის მიღებული.

აპრილში საქართველოს 15 805 მოქალაქის განაცხადი, ზოგი ექვსი თვე, ზოგიც კი უკვე ნახევარ წელზე მეტი ელოდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს პირველი ინსტანციის მიერ განხილვას.

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 28 797-მა მოქალაქემ მოითხოვა. 26 400-მა მოქალაქემ განაცხადი პირველად წარადგინა, 2397-მა კი განმეორებით. გასულ წელს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, 2021 წელთან შედარებით, გაორმაგებული იყო. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო აღნიშნავდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მოთხოვნაზე ყველაზე მეტი განაცხადი წარადგინეს სულ მცირე 2008 წლის შემდეგ.

საქართველოს ხელისუფლება ევროპაში მოქალაქეთა მასობრივ გადინებას 2017 წლიდან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას უკავშირებს. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თებერვალში განაცხადა, რომ არა უვიზო რეჟიმი, საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელგიამ საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან. ამ სიას ბრიუსელში წელიწადში ერთხელ აახლებენ ქვეყნებში არსებული უახლესი ვითარების მიხედვით და ითვალისწინებენ მდგომარეობას კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.